Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
 
პუბლიკაციები
 ფუნქციური დისპეფსია და მისი მკურნალობა ბავშვთა ასაკში 
ქეთევან გოგბერაშვილი, პროფესორი
თსსუ პედიატრიის დეპარტამენტი

ფუნქციური დისპეფსია არის ჰეტეროგენური, მაღალი პრევალენტობის სიმპტომოკომპლექსი ზოგადი პრაქტიკის ექიმებისათვის. მაღალია მისი ინსიდენსი პედიატრიულ პრაქტიკაშიც.
თანამედროვე განმარტებით, ფუნქციური დისპეფსია ეს არის სიმპტომოკომპლექსი, რომელიც დიაგნოსტირდება ყველა ასაკის ბავშვში და მოიცავს ტკივილსა და დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილში, ეპიგასტრიუმის მიდამოში (ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ან არ იყოს საკვების მიღებასთან); ხასიათდება კუჭის გადავსების შეგრძნებით, წამოქაფებით, გულისრევით, ღებინებით, ცხიმიანი საკვებისა და რძის აუტანლობით და ა.შ., გრძელდება არანაკლებ 12 კვირისა 1 წლის განმავლობაში და ყოველმხრივი კომპლექსური ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებით არ ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე ორგანული პათოლოგია.
დაავადების მრავალფეროვანი სიმპტომოკომპლექსიდან გამომდინარე, შემუშავებულია ფუნქციური დისპეფსიის ახალი კლასიფიკაცია ე.წ. "რომი III" კრიტერიუმების მიხედვით. ფუნქციური დისპეფსიის ეს კლინიკური ფორმებია: "წყლულის მსგავსი", რეფლუქსის მსგავსი, დისკინეტიკური და არასპეციფიური ფორმები.
ფუნქციური დისპეფსიის "წყლულის მსგავსი" ფორმის დროს ვლინდება ე.წ. გაღიზიანებული კუჭის სიმპტომოკომპლექსი: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, ზოგჯერ კი - ღამის ტკივილები.
რეფლუქსისმაგვარი ფორმის დროს წამყვანი სიმპტომებია: წამოქაფება, ბოყინი, წვა, ღებინება, მჟავე გემო პირში.
დისკინეტიკური ფორმის დროს ავადმყოფებს აღენიშნებათ: სიმძიმის შეგრძნება კუჭის მიდამოში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ცხიმიანი საკვებისა და რძის აუტანლობა.
არასპეციფიური ფორმის შემთხვევაში ძნელია დაავადების რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმისათვის მიკუთვნება.
ფუნქციური დისპეფსიის მიზეზებიდან აღსანიშნავია: ემოციური გადაძაბვა, ფსიქიური სტრესები, კვების რეჟიმის დარღვევა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის მიღების დაწყება ადრეული ასაკიდან. ბავშვებში ფუნქციური დისპეფსია ხშირად უკავშირდება მედიკამენტების მიღებასა და კვებით ალერგიას.
დაავადების პათოგენეზში წამყვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მოტორიკის დარღვევა (რაც ბავშვებში გასტროდუოდენალური რეფლუქსის სახით ვლინდება), სფინქტერების უკმარისობა, მოდუნება, ჰიპო-, ჰიპერკინეტიკური და ტონური დისკინეზიების სხვადასხვა კომბინაცია. ეს გამოვლინებები უკავშირდება ვეგეტატიური ინერვაციისა და ნეიროჰუმორალური რეგულაციის დარღვევას. ბავშვებში დაავადების გამოვლინების ინტენსივობა დამოკიდებულია კუჭში მჟავის წარმოქმნის დონეზე. რაც შეეხება ინფექციის (Helicobacter Pylori) როლს დაავადების პათოგენეზში, ეს საკითხი ამჟამად საკამათოდ ითვლება.
დაავადების განვითარების მეორე მიმართულებაა – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ასეთ შემთხვევებში ძირითადად გამოხატულია მუცლის ტკივილი, პერიოდული დიარეა ან შეკრულობა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დეფეკაციის შემდეგ, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია.
ბავშვთა ასაკში ფუნქციური დისპეფსიის ძირითადი გამოვლინებებია: გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რეგურგიტაცია, რუმინაცია, ციკლური (ფუნქციური) ღებინება, აეროფაგია.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ხდება შიგთავსის რეტროგრადული უკუგადაადგილება კუჭიდან და/ან ნაწლავიდან საყლაპავში. რეფლუქსი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური. პათოლოგიური რეფლუქსი უკავშირდება ნეირორეგულატორული მექანიზმების მოშლას ან ის არის ორგანული პათოლოგიის გამოვლინება. გასტროეზოფაგური რეფლუქსის გენეზში წამყვანია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება და კუჭში წნევის მომატება. კუჭში მაღალი მჟავიანობა დამხმარე როლს თამაშობს და ძირითადი მნიშვნელობა აქვს საყლაპავის ლორწოვანის დაზიანებაში. შედეგად განვითარებული რეფლუქს-ეზოფაგიტი და სხვა დაზიანებები (საკვების ასპირაცია სასუნთქ გზებში, პირის ლორწოვანის დაზიანება კუჭიდან მჟავე შიგთავსის გადმოსროლის გამო) მიუთითებენ ფუნქციური პათოლოგიის ორგანულ პათოლოგიად გარდაქმნაზე.
ფუნქციური ჯგუფის დაავადებების ბავშვთა ასაკის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პათოლოგიას მიეკუთვნება რეგურგიტაცია (წამოქაფება) – კვების შემდეგ სწრაფადვე საკვების უკან ამობრუნება. დაბადებიდან პირველ თვეებში ბავშვებისათვის წამოქაფება ფიზიოლოგიურ გამოვლინებად ითვლება, თუ იშვიათია, არ არის უხვი და ვლინდება ჭამიდან 1 სთ-ის განმავლობაში. წამოქაფების მიზეზებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზემო ნაწილის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი და სფინქტერების და კუჭის მოტორული აპარატის ნეიროჰუმორალური უმწიფრობა. თუმცა, ამ ასაკისათვის რეგურგიტაცია ითვლება პათოლოგიურად, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება, უხვია და ვლინდება ჭამიდან 1 სთ-ში ან უფრო მოგვიანებით. ხშირად წამოქაფება გამოწვეულია არასწორი კვებით, ზედმეტი საკვების მიცემით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.
რუმინაცია (ცოხნა) – ეს არის მუცლის პრესის კუნთების, დიაფრაგმის და ენის პერიოდული შეტევითი კუმშვითი მოძრაობები, რაც იწვევს კუჭის შიგთავსის გადმოსროლას პირის ღრუში, რასაც ბავშვი ღეჭავს და ისევ ყლაპავს. ჩვეულებრივ, ვლინდება 3-8 თვის ასაკიდან და არ არის დამოკიდებული საკვების ხასიათზე. დისკომფორტის ნიშნები არ არის გამოხატული.
ციკლური (ფუნქციური) ღებინება – არის ღებინების მწვავე შეტევები. შეტევა შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე რემისიის პერიოდებით. გვხვდება ძირითადად 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში და მიუთითებს ცნს-ის მძიმე დაზიანებაზე.
აეროფაგია – ჰაერის ყლაპვა, რაც იწვევს განმეორებით ბოყინს და მეტეორიზმს. ზომიერი აეროფაგია არაიშვიათია ბავშვებში დაბადებიდან პირველი თვეების განმავლობაში და განპირობებულია ყლაპვის პროცესის ნერვული რეგულაციის უმწიფრობით. აეროფაგია უფრო დამახასიათებელია დღენაკლებსა და დაბადებისას უმწიფარ ბავშვებში. 1 წლის ზევით ასაკში აეროფაგიის შემთხვევებში საჭიროა ნევროლოგიური გამოკვლევა. აეროფაგია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საუბრით ჭამის დროს, გაზიანი სასმელების უხვი მიღებითა და ასე შემდეგ. 
შედარებით ხშირ ფუნქციურ პათოლოგიად ითვლება კარდიის უკმარისობა (კარდიის ქალაზია, საყლაპავის ქვედა სფინქტერის უკმარისობა). ახალშობილებს საყლაპავის კუჭში გადასვლის ადგილას არა აქვთ გამოხატული ანატომიური სფინქტერი. კარდის დახურვა ხორციელდება გუბარევის აპარატით, რომელშიც ჰისის კუთხე ასრულებს უდიდეს როლს. ძუძუს ასაკის ჯანმრთელებში ეს კუთხე 900-ზე ნაკლებია. მის გაზრდას მივყავართ კარდიის დახურვის დარღვევამდე და საყლაპავის ქვედა სფინქტერის უკმარისობამდე.  
ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციური დაავადების ზუსტი დიაგნოზის დასმა. ამისათვის, უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ორგანული დაავადებების გამორიცხვის მიზნით. ეს დაავადებებია: პილოროსტენოზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული გასტრიტი და გასტროდუოდენიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები და სხვა.
დაავადების დიაგნოზი ემყარება შემდეგ მონაცემებს:
- ანამნეზი. საყურადღებოა დაავადების განვითარების წინაპირობების გამოვლენა, მემკვიდრული დატვირთვა, ბავშვის ცხოვრების სოციალ-ეკონომიური და ფსიქოლოგიური ნიუანსები
- მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა
- კოპროსკოპია
- განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
- სისხლის საერთო ანალიზი
- პანკრეასის ფერმენტების აქტივობა სისხლსა და შარდში
- ბიოქიმიური ტესტები.
საჭიროების შემთხვევაში, თუ საეჭვოა ფუნქციური დაავადების დიაგნოზი, უნდა გაკეთდეს ასევე:
- ენდოსკოპია
- კუჭის წვენის pH-მეტრია
- რენტგენოლოგიური კვლევა
- სეროლოგიური კვლევა ანტისხეულების აღმოსაჩენად.
დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ეთიოპათოგენეზიდან გამომდინარე, ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
- ფსიქონევროლოგიური სტატუსის კორექცია, მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორება, თანაარსებული დაავადებების მკურნალობა
- მოტორიკის კორექცია
- მოტორიკის დარღვევით განპირობებული დარვევების კორექცია.
როგორც აღინიშნა, ფუნქციური დისპეფსიის მკურნალობაში ძირითადი ადგილი მოტორიკის კორექციას ენიჭება. მოტორიკის კორექცია გულისხმობს რეჟიმის დაცვას, დიეტოთერაპიას და მედიკამენტოზურ მკურნალობას პროკინეტიკებით (დომპერიდონი) და ანტისეტრეტორული პრეპრატებით (H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები).
პროკინეტიკების ჯგუფიდან ძირითადი პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია ბავშვთა ასაკისათვის, არის დოპროკინი (დომპერიდონი). ეს არის დოფამინური (D2) რეცეპტორების ბლოკატორი და ხასიათდება ანტაგონიზმით პერიფერიული დოფამინური რეცეპტორების მიმართ. ცერუკალისაგან განსხვავებით, დოპროკინი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და ამდენად, ნაკლები გვერდითი მოვლენებით ხასიათდება სხვა ცენტრალური მოქმედების დოფამინური რეცეპტორების ბლოკატორებისაგან განსხვავებით. თუმცა, დოპროკინის გამოყენებისას ახალშობილებში, აუცილებელია დოზირების რეჟიმის ზუსტად დაცვა, რადგან, მათი ჰემატო-ენცეფალური ბარიერი უმწიფარია და განვლადი.
 დოპროკინი ამაღლებს საყლაპავის ქვემო სფინქტერის ტონუსს, აძლიერებს კუჭის პერისტალტიკას, აჩქარებს კუჭის დაცლას, აუმჯობესებს ანტრო-დუოდენალურ კოორდინაციას. დოპროკინი ფართოდ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში. ინიშნება 2,5 მგ (1/4 აბი)/10 კგ წონაზე 3-ჯერ დღე-ღამეში 1-2 თვის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, ზოგადი ადინამია, ძილიანობა) გვხვდება მხოლოდ ავადმყოფთა 0,5-1,8%-ში.
დოპროკინის დანიშვნის წინააღმდეგჩვენებანია: მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ; სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ნაწლავების მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია; პროლაქტინმაპროდუცირებელი ჰიპოფიზის სიმსივნე.
"წყლულის მსგავსი" ფორმის შემთხვევაში გამოიყენება ანტისეკრეტორული პრეპარატები (მაგ, ულსეპანი) და ანტაციდური პრეპარატები (მაგ, სიმალგელი).
არასპეციფიური ფორმის დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა (წამყვანი სიმპტომების გათვალისწინებით) პროკინეტიკებით, ფერმენტული პრეპარატებით, ანტაციდებით.
მნიშვნელოვანია ხანგრძლივი კომპლექსური მკურნალობა, ფიზიოთერაპია, კურორტული მკურნალობა.
კარდიის ქალაზიის მედიკამენტოზური თერაპია მიმართულია კარდიის სფინქტერის გაძლიერებაზე: ინიშნება ქოლინომიმეტიკები - ბეტანექოლი 0,2 მგ/კგ-ზე 3-ჯერ დღეში და დოფამინორეცეპტორების ბლოკატორები - დომპერიდონი (დოპროკინი) 1 მგ/კგ-ზე დღე-ღამეში 3 მიღებად 30 წუთით ადრე ჭამამდე.
დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა, თუ დროულად არ ჩატარდა მდგომარეობის კორექცია, შესაძლებელია ფუნქციური ფორმების ორგანულ დაავადებად გარდაქმნა.