Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 კატარაქტა და მისი მკურნალობის მეთოდები 

ალექსანდრე ალექსიძე
ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.



კატარაქტა არის ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა მხედველობის ამა თუ იმ ხარისხის დაქვეითებით.
სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ დაავადებას, მოკლედ გავეცნოთ თვალის ანატომიას.
თვალის ოპტიკური სისტემა წარმოდგენილია რქოვანა გარსის, ბროლისა და მინისებრი სხეულისგან. მისი გარდატეხის ძალა შეადგენს დაახლოებით 60,0 დიოპტრიას, საიდანაც ბროლზე მოსვენებულ მდგომარეობაში მოდის დაახლოებით 20,0 დიოპტრია.
რქოვანა გარსი თვალის კაკლის წინა გამჭვირვალე ნაწილია. სინათლის სხივი გაივლის რა რქოვანა გარსს, ხვდება ბროლში, რომელიც შემდეგ ფოკუსირდება ბადურა გარსზე.
ბროლი არის ცვლადი სიმრუდის მქონე ორმხრივ ამოზნექილი გამჭვირვალე სხეული.
რქოვანა გარსის უკან და ბროლის წინ მდებარეობს ფერადი გარსი, რომელიც შეიცავს წრიულად და რადიალურად განლაგებულ გლუვკუნთოვან ბოჭკოებს (სფინქტერს და დილატატორს), რომელთა შეკუმშვა ცვლის გუგის დიამეტრს (გუგა არის ხვრელი ფერად გარსში), რისი საშუალებითაც ხვდება თვალში შესული სინათლის ნაკადის რაოდენობის რეგულირება.
მინისებრი სხეული გამჭვირვალე ჟელესმაგვარი მასაა, რომელიც ავსებს თვალის კაკლის ღრუს ბროლის უკან. იგი უზრუნველყოფს სინათლის სხივების თავისუფალ სვლას ბადურამდე.
ბადურა თვალის კაკლის შიგნითა გარსია, რომელიც შეიცავს ფოტოსენსორულ უჯრედებს: კოლბებს და ჩხირებს. კოლბების საშუალებით ხდება ფერების აღქმა, ხოლო ჩხირები ღამის მხედველობის რეცეპტორებია.
ყვითელი ხალი (ანუ მაკულა) არის ბადურის ყველაზე უფრო მგრძნობიარე უბანი, მაღალი მხედველობის სიმახვილით.
მხედველობის ნერვის დვრილი ლოკალიზებულია თვალის ფსკერზე. ის არის მხედველობის ნერვის დასაწყისი. მისი საშუალებით ხდება კოლბებით და ჩხირებით მიღებული ინფორმაციის გადაცემა თავის ტვინში. მხედველობის ნერვის დვრილი ცნობილია აგრეთვე ,,ბრმა ხალის” სახელწოდებით.
როგორც ავღნიშნეთ, კატარაქტა არის ბროლის შემღვრევა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ტოქსიკურ, რადიაციულ და სხვა ფაქტორთა ზემოქმედება, თანდაყოლილი ანომალია, თვალის ტრავმა, თვალშიგა ქსოვილთა ანთებითი პროცესი და სხვა.
დაავადების სიმპტომები და მიმდინარეობა სხვადასხვაა. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ, პროგრესირებულ და არაპროგრესირებულ ფორმებს.
ბროლი ძირითადად შედგება წყლისა და პროტეინებისაგან. პროტეინების დაშლა იწვევს ბროლის შემღვრევას, რაც ამცირებს ბადურისაკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და შესაბამისად იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.
დაწყებითი კატარაქტის დროს, ბროლის ნაზი შემღვრევების აღმოჩენა ხდება გამავალი სხივებით გასინჯვისას ან ბიომიკროსკოპის საშუალებით. ბროლის კიდევ უფრო ინტენსიურად შემღვრევისას გუგის არე ხდება ნაცრისფერი.
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება დამოკიდებულია ბროლის შემღვრევის ინტენსივობაზე. სრული შემღვრევის შემთხვევაში აღინიშნება მხოლოდ სინათლის შეგრძნება სწორი პროექციით (თვალის ფსკერის დაზიანების არარსებობის შემთხვევაში).
არსებობს კატარაქტის მკურნალობის მედიკამენტური და ოპერაციული მეთოდები. დღეისათვის ფართოდ გამოყენებადი კატარაქტის სამკურნალო პრეპარატია კატაქსოლი (World Medicine, ინგლისი).
კატაქსოლის თვალის წვეთები იცავს ბროლში ამინომჟავების სულფჰიდრულ ჯგუფებს დაჟანგვისაგან და ხელს უწყობს გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. კატაქსოლი აგრეთვე ზრდის წყალწყალა ნამში არსებული პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობას. კატაქსოლი განსაკუთრებით ეფექტურია პროგრესირებადი კატარაქტის პროფილაქტიკისათვის.
იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტები ვერ აჩერებენ კატარაქტის განვითარებას, კატარაქტის მკურნალობა ტარდება ქირურგიული მეთოდებით.
ოპერაციის პროგნოზისათვის მნიშვნელოვანია ბადურა გარსის და მხედველობის ნერვის ფუნქციონალური შესაძლებლობების დადგენა.
ხშირ შემთხვევაში, ბროლის შემღვრევის გამო, ვერ ხერხდება თვალის ფსკერის დათვალიერება. კატარაქტის ექსტრაქციის შედეგი (ასე ეწოდება კატარაქტის გამო ჩატარებულ ოპერაციას), სხვადასხვა დაავადების დროს ყოველთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერზე ვითარდება მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ცნობილია დიაბეტური რეტინოპათიის სახელწოდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, კატარაქტის ოპერაცია უნდა გაკეთდეს, რადგან მხედველობის მომატება მაინც მოხდება შემღვრეული ბროლის ამოღების ხარჯზე და ოფთალმოლოგსაც ექნება საშუალება დაათვალიეროს თვალის ფსკერი და მასზე აწარმოოს დაკვირვება დინამიკაში.
კატარაქტის ექსტრაქციის თანამედროვე მეთოდია ფაკოემულსიფიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება ბროლის ნივთიერების დაქუცმაცება ულტრაბგერით, შემდგომ მისი ასპირაცია და მინიმალურ განაკვეთში ბროლის იმპლანტაცია (ჩანერგვა).
ფაკოემულსიფიკაციას მის წინამორბედ მეთოდებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის აღსანიშნავია განაკვეთის მცირე ზომა, ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი და მაღალი ოპტიკური შედეგი.
თანამედროვე ანტიკატარაქტული პრეპარატების და ოპერაციული მეთოდების რაციონალური გამოყენება უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას, რაც გულისხმობს მაღალ ოპტიკურ (მხედველობით) შედეგებს თითოეული პაციენტისთვის.