Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 მელეფსინის გამოყენება ბავშვთა ნევროლოგიურ პრაქტიკაში 

გია ნატრიაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ)
კლინიკის სამეცნიერო-პრაქტიკული ხელმძღვანელი, სეუ-ს პროფესორი, დავით ტატიშვილის  სამედიცინო ცენტრის კონსულტანტი

მელეფსინი (კარბამაზეპინი) არის ანტიეპილეფსიური პრეპარატების ერთ-ერთი საბაზისო ჯგუფის – დიბენზაზეპინების წარმომადგენელი. ანტიკონვულსიური მოქმედების გარდა, მას ახასიათებს ნორმოთიმული და თიმოლეფსიური ეფექტი. აგრეთვე, ის ამცირებს სინაფსებში ნერვული იმპულსების გადაცემას და აქედან გამომდინარე, მას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნევრალგიების და ნეიროპათიების დროს. გამაამინოერბომჟავური სისტემის აქტივაციისა და თავის ტვინში ამ ორგანული მჟავას რაოდენობის გაზრდის წყალობით მელეფსინი იწვევს ნეირონთა მემბრანების სტაბილიზაციას, შფოთვის, აგრესიულობისა და სხვა ქცევითი დევიანტური გამოვლინების კუპირებას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გასაგები ხდება პათოლოგიურ მდგომარეობათა ის ფართო სპექტრი, რომლის დროსაც მელეფსინის გამოყენება მაღალეფექტურია. აქვე აღვნიშნავთ, რომ მელეფსინი ნაკლებად ტოქსიურია სხვა ანტიკონვულსანტებთან შედარებით, დოზების მატებითი პრინციპით დანიშვნისას გვერდითი მოვლენების განვითარება ძალზე იშვიათია, რაც მეტად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ბავშვებს და მოზარდებს აღენიშნებათ ადაპტაციის მაღალი ხარისხი ამ პრეპარატის მიმართ, ხოლო მედიკამენტოზური ფორმა (200 მგ-იანი ტაბლეტები ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობით) მოსახერხებელია მცირე ასაკის ბავშვებში ხმარებისათვის.
მელეფსინი ჩვენს მიერ გამოიყენებოდა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ეპილეფსია (325 შემთხვევა), ღამის შიშები (73), ღამის ენურეზი (46), ჰიპოთალამური კრიზები (45), შაკიკი (38), პროზოპალგია, გლოსალგია – სახის ნერვის ნეიროპათიების დროს (16), სამწვერა ნერვის ნევრალგია (11).
ეპილეფსიის შემთხვევაში მელეფსინით მონოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია რთული პარციალური  (ცნობიერების შეცვლით მიმდინარე) გულყრის, ვისცერალური, ოპერკულური გულყრის დროს (ე.წ. საფეთქლის ეპილეფსია), აგრეთვე ძილის ფსიქომოტორული გულყრის მეორადად გენერალიზებული გულყრის შემთხვევაში, რომელიც იწყება ან მთავრდება ვეგეტო-ვისცერალური გამოვლინებებით. ასეთ შემთხვევებში, მელეფსინი მონოთერაპიის სახით ინიშნებოდა დოზით 15-20 მგ/კგ მასაზე დღე-ღამეში 3 მიღებაზე; ამასთან, დოზის მატება ხდებოდა თანდათან 5-დან 10-მგ-მდე და შემდგომ, მდგომარეობის მიხედვით – ჯერ 15 მგ, შემდეგ კი 20 მგ-მდე დღე-ღამეში. პარალელურად ვითვალისწინებდით გულყრის განვითარების დროს (სადაც ეს შესაძლებელი იყო) და უფრო მაღალ დოზას ვაძლევდით პაციენტს გულყრის მოსალოდნელ განვითარებამდე 1-2 საათით ადრე.
ხაზს ვუსვამთ, რომ ეპილეფსიის შემთხვევაში მელეფსინის სადღეღამისო დოზა აუცილებლად უნდა განაწილდეს 3 მიღებაზე მისი ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ძილის ფსიქომოტორული გულყრა, როდესაც მელეფსინი შეიძლება დაინიშნოს ღამით ერთჯერადად დოზით 10 მგ/კგ ან დღე-ღამეში ორჯერ, თუ გულყრა ვითარდება დღის ძილის დროსაც (ასეთ შემთხვევაში დოზა შეიძლება შეადგენდეს 10-15 მგ/კგ დღე-ღამეში).
მელეფსინი ეფექტურია პოლიმორფული გულყრის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც კრუნჩხვითი გულყრა ასოცირებულია გენერალიზებულ აკინეზურ გულყრასთან, მაშინ მისაღებია მისი კომბინაცია ვალპროატებთან, ფენობარბიტალთან. კრუნჩხვითი გულყრის და აბსანსების ასოცირებისას ეფექტურია მელეფსინის და სუქცინიმიდების ან ბენზოდიაზეპამის  (კლონაზეპამი, დიაზეპამი) კომბინაცია. კომბინირებული ხმარების შემთხვევაში მელეფსინის დოზა შეადგენდა 8-10 მგ/კგ დღე-ღამეში.
ვესტის გულყრის და ლენოქს-გასტოს სინდრომის შემთხვევაში მელეფსინი მონოთერაპიის სახით ინიშნებოდა მაღალი დოზით (გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტთა ასაკი შეადგენს 0-4 წელს) – 25 მგ/კგ დღე-ღამეში, დოზის თანდათან გაზრდით. მონოთერაპიის უეფექტობის შემთხვევაში, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი, მელეფსინის დოზას ვამცირებდით 10-15 მგ-მდე დღე-ღამეში. შესაბამისად, მეორე ანტიკონვულსანტის (ვალპროატი) ჩართვისა და ჰორმონოთერაპიის პარალელურად.
მელეფსინით თერაპიის ხანგრძლივობა ეპილეფსიის დროს განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ანტიკონვულსანტების მიღების ხანგრძლივობის საერთო კრიტერიუმების გათვალისწინებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად კარგი ამტანობისა, დოზების მატებითი პრინციპის გათვალისწინებით, სასურველია მაღალი დოზირების აუცილებლობისას სისხლის პლაზმაში მელეფსინის (კარბამაზეპინი) კონცენტრაციის განსაზღვრა.
ღამის შიშების (pavor nocturna) და ღამის ენურეზის შემთხვევაში მელეფსინი ინიშნებოდა ერთჯერადად ღამის ძილის წინ, იმ შემთხვევებში, როდესაც ამიტრიპტილინი (შიშები) და მელიპრამინი (ენურეზი) იყო ნაკლებეფექტური ან უეფექტო. ასეთ დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ; რიგ შემთხვევაში შესაძლებელია მისი კომბინაცია აღნიშნულ პრეპარატებთან (როდესაც მონოთერაპია არ იძლევა სრულ ეფექტს). ძილის ნევროზული დარღვევების შემთხვევაში, მელეფსინით თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს.
ჰიპოთალამური კრიზების შემთხვევაში მელეფსინი ეფექტურია, როგორც მეორე რიგის პრეპარატი მაო-ს ინჰიბიტორებით და ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობის შემდეგ ეტაპზე, ამ პრეპარატებთან ერთად. ოპტიმალური დოზა ამ დროს შეადგენს 10 მგ/კგ 2-3 მიღებაზე დღე-ღამეში.
შაკიკის დროს მელეფსინი ეფექტურია მარტივი და უფრო მეტად _ ასოცირებული ფორმების შემთხვევაში, განსაკუთრებით, ეეგ-ზე პაროქსიზმული აქტივობის გამოვლენისას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ეპილეფსიის მკურნალობის სქემით (იხ. ზემოთ), მხოლოდ ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს ნაკლები და შეადგენდეს 6-18 თვეს, კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით.
პროზოპალგიის და ტრიგემინალური ნევრალგიის შემთხვევაში მელეფსინი უფრო სწრაფად და კარგად ხსნის ტკივილს, ვიდრე ანალგეტიკური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა, ეს არ გამორიცხავს არასტეროიდების გამოყენებას ფიზიოთერაპიულ ღონისძიებებთან კომბინაციაში. მელეფსინი ალგიების დროს ინიშნება დოზით 10 მგ/კგ დღე-ღამეში 3 მიღებაზე, 1-დან 3 თვემდე ხანგრძლივობით.
და ბოლოს, განსაკუთრებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ მელეფსინით მკურნალობის პროცესში, ძირითადი პათოლოგიური გამოვლინებების პარალელურად, ხდებოდა ისეთ სიმპტომთა კუპირება, როგორიცაა ემოციური არასტაბილურობა  (შაკიკი, ნევრალგია, ენურეზი), შფოთვა და აგზნებადობა (ღამის შიშები, ჰიპოთალამური კრიზები), ქცევითი დარღვევები და აგრესია (ეპილეფსია).
მაღალი ეფექტურობის, მცირე ტოქსიურობის, კარგი ამტანობის, გვერდითი მოვლენების სიმცირის, ადვილი მისაწვდომობის და ადეკვატური ფასის გათვალისწინებით ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მელეფსინს (World Medicine, ინგლისი) ფართო გამოყენებისთვის პედიატრიული ნევროლოგიის პრაქტიკაში განხილული დაავადებების თერაპიისას.