Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
 
პუბლიკაციები
 კლოდიფენის თვალის წვეთების გამოყენება ჰერპესული და ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტების მკურნალობაში 

ნინო კარანაძე, ასისტენტ-პროფესორი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
თვალის სნეულებათა დეპარტამენტი


სტატიაში წარმოდგენილია კლოდიფენის თვალის წვეთების გამოყენების შედეგები ჰერპესული და ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტების მკურნალობის დროს. კლოდიფენი, ისევე როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, რის შედეგადაც მცირდება თვალის კონიუნქტივის ჰიპერემია, შეშუპება და ტკივილი. კლოდიფენის თვალის წვეთებს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ხელს არ უშლის თვალის ქსოვილებში მიმდინარე რეპარაციულ პროცესებს. ეს უკანასკნელი თვისება მნიშვნელოვანია ხანგრძლივად მიმდინარე რქოვანის ჰერპესული წყლულების და ადენოვირუსული ინფილტრატების მკურნალობის დროს.
მკურნალობა ჩაუტარდა ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტით დაავადებულ 27 პაციენტს და ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტით დაავადებულ 12 პაციენტს. პაციენტებზე დაკვირვება გრძელდებოდა 1,5 – 2 წელი. ყველა პაციენტს პირველადი მომართვის დროს ჩაუტარდა სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია, თვალის ნაცხის ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, სისხლის ვირუსოლოგიური გამოკვლევა, ვირუსოლოგის კონსულტაცია შესაბამისი ზოგადი ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნით.
ოფთალმოჰერპესით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზის შედეგად აღმოაჩნდათ პირველი ტიპის ჰერპეს ვირუსი IgG და IgM-ის სხვადასხვა თანაფარდობით. ადენოვირუსით დაავადებულ პაციენტებს როგორც თვალიდან აღებულ ნაცხში, ასევე სისხლში აღმოაჩნდათ ადენოვირუსი.
ჰერპესის შემთხვევაში ადგილობრივად გამოყენებული იყო ანტიჰერპესული პრეპარატები, ლუბრიკანტები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატ კლოდიფენის 0,1%-იანი წვეთები დღეში 4-ჯერ 14 დღის განმავლობაში. ყველა პაციენტს ანთებისა და ტკივილის კუპირების მიზნით ასევე ენიშნებოდათ კლოდიფენის (75 მგ/3 მლ) ინექციები კუნთებში დღეში ერთხელ 3 დღე, შემდეგ დღეგამოშვებით 2 ინექცია, სულ 5 ინექცია. აღნიშნული სქემით ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტები აღნიშნავდნენ სუბიექტურად მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტკივილის შემცირებას, ცრემლდენის შეწყვეტას, თვალის ნაპრალის თავისუფლად გაღებას, მხედველობის გაუმჯობესებას. გამოჯანმრთელების კრიტერიუმებად ვთვლიდით ტკივილის გაქრობას, ჰიპერემიის და შეშუპების ალაგებას, რქოვანის ეპითელიზაციას.
როგორც ცნობილია, ოფთალმოჰერპესი ქრონიკული დაავადებაა და მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, ამიტომ პაციენტები მუდმივად იმყოფებიან ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს შემთხვევაში გამწვავების პირველი ნიშნების გამოვლენისას (ტკივილი, ჰიპერემია, რქოვანის შემღვრევის ადგილას წერტილოვანი ინფილტრატების გაჩენა) კვლავ მივმართავდით ზემოთ აღნიშნული სქემით მკურნალობას, რამაც შეამცირა დაავადების რეციდივების სიხშირე. 9 პაციენტს დაავადების გამწვავება აღენიშნებოდა 2 წლის განმავლობაში 3–ჯერ, 5 პაციენტს – 2-ჯერ, 13 პაციენტს – ერთხელ.
ადენოვირუსული კ.კ-ის მკურნალობა რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც ცნობილია ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტების მკურნალობისას ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება არაეფექტურია. დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ჰიპერემია, გამონადენი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივაზე სხვადასხვა ვარდისფერი ფოლაქები, რქოვანაზე ინფილტრატები. ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტების მკურნალობის სქემით ტკივილის, ჰიპერემიისა შემცირების და რქოვანის ინფილტრატების სწრაფი რეზორბციის მიზნით ინიშნებოდა კლოდიფენის თვალის წვეთების ინსტილაცია 4-ჯერ დღეში, მკურნალობა გრძელდებოდა 10 დღის განმავლობაში. ინსტილაციიდან 1–2 დღის შემდეგ პაციენტები აღნიშნავდნენ ტკივილის, ბლეფაროსპაზმის, ჰიპერემიის შემცირებას. მე-3 დღიდან თვითშეგრძნების მკვეთრ გაუმჯობესებას, რაც გამოიხატებოდა მხედველობის სიმახვილის მომატებაში, ტკივილის გაქრობასა და ჰიპერემიის ალაგებაში.
ობიექტურად გამოჯანმრთელების კრიტერიუმად ვთვლიდით ტკივილის მოხსნას, კონიუნქტივიდან გამონადენის, ჰიპერემიის გაქრობას, რქოვანის ინფილტრატების რეზორბციას და მხედველობის გაუმჯობესებას.

დასკვნა:
კლოდიფენის 0,1%-იანი თვალის წვეთების გამოყენება რეკომენდებულია ჰერპესული და ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტების მკურნალობის დროს. ჰიპერემიის და შეშუპების მოხსნის მიზნით.
კლოდიფენის 0,1%-იანი თვალის წვეთები არ უშლის ხელს გახანგრძლივებული ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტების დროს ქსოვილებში მიმდინარე რეპარაციულ პროცესებს და არ აფერხებს რქოვანის წყლულების ეპითელიზაციას. პაციენტთა უმრავლესობაში გვერდითი მოვლენები მკურნალობის დროს არ გამოვლინდა.