Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 არაინფექციური ალერგიული კონიუნქტივიტების კომბინირებული მკურნალობა აიკროლის და ნოზეილინის გამოყენებით 

ნინო კარანაძე, ასისტენტ-პროფესორი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
თვალის სნეულებათა დეპარტამენტი


ალერგიული კონიუნქტივიტების მკურნალობა თანამედროვე ოფთალმოლოგიის ერთერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. თვალის ალერგიული დაავადებების მკურნალობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:
ა) ალერგენის დადგენას;
ბ) სპეციფიურ იმუნოთერაპიას;
გ) ფარმაკოთერაპიას. 
ალერგენის დადგენა და მისი მოცილება მართალია ეფექტურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რთულია ან პრაქტიკულად შეუძლებელი.
სპეციფიური იმუნოთერაპია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია გამომწვევი ალერგენი, რაც რათქმაუნდა მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ მიმართულებით მკურნალობის ჩატარებას. სწორედ ამიტომ თვალის ყველა ალერგიული დაავადების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ალერგიის საწინააღმდეგო ისეთი თერაპიის დანიშვნას, რომლის მიზანი არის მოხსნას ალერგიული კონიუნქტივიტით დაავადებულ პაციენტთა ჩივილები – ქუთუთოების შეშუპება, შემაწუხებელი ქავილი, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში.
არაინფექციური ალერგიული კონიუნქტივიტით დაავადებულ 71 პაციენტს ჩაუტარდა კომბინირებული მკურნალობა პრეპარატების აიკროლის და ნოზეილინის გამოყენებით. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 6-დან 52 წლამდე. დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება ანამნეზზე იყო გამახვილებული. ყველა პაციენტს ჩაუტარდა სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, კონიუნქტივის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, შირმერის ტესტი, წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა დემოდექსზე და ალერგოლოგის კონსულტაცია.
სუბიექტური და ობიექტური მონაცემების საფუძველზე პაციენტები დაყოფილ იქნა ხუთ ჯგუფად:
I ჯგუფი – პოლინოზით დაავადებული 22 პაციენტი;
II ჯგუფი – გაზაფხულის კატარით დაავადებული 11 პაციენტი;
III ჯგუფი – “მშრალი თვალის” სინდრომით დაავადებული 12 პაციენტი;
IV ჯგუფი – დემოდეკოზური ბლეფარიტით დაავადებული 20 პაციენტი;
V ჯგუფი – გაურკვეველი ეტიოლოგიის არაინფექციური ალერგიული კონიუნქტივიტით დაავადებული 6 პაციენტი.
I, II, V ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდათ მკურნალობა აიკროლის 4%-იანი წვეთებით დღეში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ გამოყენებული იყო აიკროლი დღეში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. პრეპარატი ნოზეილინი ინიშნებოდა ერთი კვირა 2-ჯერ დღეში, შემდეგ ერთი კვირა ერთჯერ დღეში. ქუთუთოების შეშუპების, ქავილის და კონიუნქტივის ჰიპერემიის მოხსნის შემდეგ ნოზეილინი ინიშნებოდა მხოლოდ აღნიშნული სიმპტომებით დაავადების გამწვავებისას. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ პაციენტებს აღნიშნული ჩივილები ჰქონდათ ეპიზოდურად, რაც მომენტალურად იხსნებოდა ნოზეილინის ერთჯერადი ინსტილაციით.
III ჯგუფის პაციენტების მკურნალობის დროს გამოყენებული იყო პრეპარატი აიკროლის 4%-იანი წვეთები 3-ჯერ დღეში ლუბრიკანტებთან ერთად. პრეპარატი ნოზეილინი ინიშნებოდა მხოლოდ ძლიერი ქავილის, ქუთუთოებისა და ლორწოვანის შეშუპების დროს.
აღსანიშნავია, რომ III ჯგუფის პაციენტთა უმრავლესობა ანამნეზში აღნიშნავდა ანტიბიოტიკების, სტეროიდების შემცველი თვალის სხვადასხვა წვეთების თვითნებურ გამოყენებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაუდგენელი ეტიოლოგიის `მშრალი თვალის” სინდრომის შემთხვევაში ხშირია სწორედ ამ მიზეზით გამოწვეული ალერგიული კონიუნქტივიტები.
IV ჯგუფის პაციენტებს მიკროსკოპული გამოკვლევით დაუდგინდათ დემოდეკოზური ბლეფარიტი მკვეთრად გამოხატული ალერგიის სიმპტომებით. მკურნალობის კურსი გრძელდებოდა 45 დღე, ანტიდემოდეკოზურ მკურნალობასთან ერთად. გამოყენებული იყო აიკროლის 4%-იანი წვეთები 3-ჯერ დღეში 45 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში 2-ჯერ დღეში, ნოზეილინი 2-ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში, ერთჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ მხოლოდ ქავილის ან ჰიპერემიის შემთხვევაში, ისიც ხანმოკლე დროით.
ამგვარად, ჩატარებული მკურნალობის შედეგების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

1. აიკროლის 4%-იანი წვეთები ეფექტურია არაინფექციური ალერგიული კონიუნქტივიტების ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით.
2. პრეპარატი ნოზეილინის გამოყენება აიკროლთან ერთად სწრაფად ხსნის მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: შეშუპებას, ჰიპერემიას, ქავილს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის სუბიექტურ მდგომარეობას.
3. პრეპარატების აიკროლის და ნოზეილინის კომბინირებული გამოყენება რეკომენდებულია თვალის დემოდეკოზით გამოწვეული ალერგიული ბლეფაროკონიუნქტივიტების მკურნალობის დროს.
4. პოლინოზით დაავადებულ პაციენტებს თვალის ალერგიის პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია დაენიშნოს პრეპარატები აიკროლი და ნოზეილინი.
5. პრეპარატების აიკროლის და ნოზეილინის კომბინირებული გამოყენება ხსნის `მშრალი თვალის” სინდრომის თანმხლებ ალერგიულ გამოვლინებებს