Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
 
პუბლიკაციები
 აიკროლის გამოყენება თვალის ალერგიული დაავადებების დროს 

მურმან კიკვიძე, მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგი
აკ. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

 

თვალის ალერგიული დაავადებები, განსაკუთრებით ალერგიული კონიუნქტივიტი, ფართოდაა გავრცელებული.
გამოყოფენ თვალის ალერგიული დაავადებების შემდეგ ფორმებს:
- ალერგიული კონიუნქტივიტი
- ატოპიური კერატოკონიუნქტივი
- გაზაფხულის კერატოკონიუნქტივიტი
- გიგანტური პაპილარული კონიუნქტივიტი
- ქუთუთოების კონტაქტური დერმატიტი და კონტაქტური დერმატოკონიუნქტივიტი.
პირველი სამი კლინიკური ფორმა თვალის ალერგიულ დაავადებათა 84%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ ცალკეულ დაავადებას აქვს თავისებური ანამნეზური, კლინიკური და ჰისტოლოგიური ნიშნები, ყველა მათგანი ალერგიული ბუნებისაა.
ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ყველა სხვა მდგომარეობა, რომლებიც თვალის ალერგიულ დაავადებებს წააგავს. მათ შორისაა სტაფილოკოკური ბლეფაროკონიუნქტივიტი, მწვავე ვირუსული კონიუნქტივიტი, ქლამიდიური გენეზის კონიუნქტივიტი, ჰერპესული კერატიტი, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი.
კონიუნქტივა თვალის ანატომიური შენების თავისებურებიდან გამომიდინარე აქტიურად მონაწილეობს იმუნურ პროცესებში. იგი პირველყოვლისა საზღვარია გარესამყაროსა და ორგანიზმს შორის.
კონიუნქტივაში სხვადასხვა იმუნოკომპეტენტური უჯრედებია განლაგებული (ლიმფოციტები, ნეიტროფილები, პლაზმური უჯრედები), რომლებიც ანტიგენის გადამუშავებას და მის მოცილებას უზრუნველყოფენ.
კონიუნქტივაში განლაგებულია ორი ტიპის უჯრედები. კონიუნქტივის ზედაპირზე მხოლოდ ტრიფტაზის შემცველი უჯრედები გვხვდება. მეორე ტიპის პოხიერი უჯრედები კი ტრიფტაზასთან ერთად ქიმაზის შემცველები არიან. ჯანმრთელ კონიუნქტივაში ჭარბობს სწორედ მეორე ტიპის პოხიერი უჯრედები და ისინი, განსხვავებით ტრიფტაზას შემცველი უჯრედებისაგან, არ არიან დამოკიდებული T-ლიმფოციტებზე.
სეზონური და არასეზონური (მთელი წლის მანძილზე მიმდინარე) ალერგიული კონიუნქტივიტების დროს ეპითელურ და სუბეპითელურ შრეში ზომიერად მატულობს ტრიფტაზის შემცველი პოხიერი უჯრედების რაოდენობა. ასევე იმატებს ანთების მედიატორების ტიტრი (ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინი D2, ტრიფტაზა, კარბოქსიპეპტიდაზა A, კატეფსინი G, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორი).
აღნიშნული ფაქტორები განაპირობებენ ალერგიული კონიუნქტივიტის კლინიკურ სურათს, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია თვალების ქავილი, კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, წვა, სინათლის შიში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო მეტადაა გავრცელებული. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, იგი შერწყმულია ალერგიულ რინიტთან. ამ სახის კონიუნქტივიტის მიზეზი სეზონური აეროალერგენებია, ჩვეულებრივ კი განსაზღვრულ მცენარეთა მტვერი. ავადმყოფების 78%-ს აღენიშნებათ შრატში სპეციფიური IgE-ს მაღალი დონე. სეზონური კონიუნქტივიტის ხანგრძლიობა დამოკიდებულია მცენარეთა ყვავილობის პერიოდზე.
არასეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი უფრო იშვიათად გვხვდება. მისი მიზეზი უხშირესად ტკიპების ალერგენები, ცხოველთა ეპიდერმისი ან ფრინველთა ბუმბულია. კონიუნქტივიტის ეს სახეობა სეზონურობით არ გამოირჩევა, თუმცა ზოგ ავადმყოფს სეზონური გამწვავებაც აღენიშნება.
ალერგიული კონიუნქტივიტის დროს რეაქცია შეიძლება მიმდინარეობდეს ადრეული და მოგვიანებითი ფაზებით. ორივე შემთხვევაში ძირითადად როლს პოხიერი უჯრედები ასრულებენ. ადრეული ფაზა ალერგენთან კონტაქტიდან 20 წუთში ვითარდება და ამ დროს მნიშვნელოვნად იმატებს ტრიფტაზის და ჰისტამინის დონე. 6 საათის შემდეგ კი შეიძლება განვითარდეს გვიანი ფაზა ჰისტამინის დონის განმეორებითი მატებით. ტრიფტაზა და ბაზოფილების რიცხვი გვიანი ფაზის რეაქციაში არ მატულობს. უჯრედული ინფილტრაცია ამ დროს პოხიერი უჯრედების, ნეიტროფილების, მაკროფაგების და ეოზინოფილების მონაწილეობის ხარჯზე მიმდინარეობს. ამ დროს ადგილი აქვს ადგეზინების და სელექტინ E-ს რაოდენობის მატებას, რითაც აიხსნება ეოზინოფილების და ნეიტროფილების მონაწილეობა გვიანი ფაზის ალერგიულ რეაქციაში.
ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობაში სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გარკვეული უპირატესობით გამოირჩევიან. ანტიჰისტამინური აბები ან კაფსულები ადვილად მისაღები და მეტად ეფექტურია თანმხლები ალერგიული რინიტის დროს. თუმცა ხშირად საჭიროებს ადგილობრივი მკურნალობის დამატებას. ისინი ზოგჯერ კონიუნქტივის სიმშრალეს და სისტემურ გვერდით მოქმედებასაც ავლენენ.
წარმატებით გამოიყენება ადგილობრივი ანტიჰისტამინური და სიმპატომიმეტური პრეპარატები. მათ აქვთ უმნიშვნელო გვერდითი მოქმედება. დოზის გადაჭარბებისას ისინი მედიკამენტურ კონიუნქტივიტს იწვევენ კონიუნქტივის ჰიპერემიით, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგაც შენარჩუნდება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა ქავილის დროს, აქვთ ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება, მაგრამ არ შეიძლება მათი გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ასპირინის მიმართ.
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის ეფექტური არიან მოკლე დროით ხმარებისას; ისინი იწვევენ თვალშიგა წნევის მატებას და ზრდიან ინფექციური კონიუნქტივიტის და კერატიტის რისკს.
პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები თრგუნავენ ალერგიული რეაქციის როგორც ადრეულ, ისე მოგვიანებით ფაზას და გამოირჩევიან უსაფრთხოებით. ისინი მოქმედებას იწყებენ 2-5 დღის შემდეგ და მაქსიმალურ ეფექტს 15 დღეში აღწევენ.
აიკროლი (ნატრიუმის კრომოგლიკატი) ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში წარმატებით გამოსაყენებელი პრეპარატია, რომელიც პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას აფერხებს და ამით ხელს უშლის ალერგიის მედიატორების გამოთავისუფლებას. აიკროლის 4%-იანი ხსნარი ეფექტურია და მას კარგად იტანენ პაციენტები. მკურნალობის დაწყება უმჯობესია გამწვავების სეზონის დადგომამდე. აიკროლის რეგულარული გამოყენება კი თერაპიული ეფექტის სწრაფად მიღწევას უწყობს ხელს. პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას უშუალოდ ალერგენთან მოსალოდნელი კონტაქტის წინ. (მაგ., ეპიდერმული ალერგიის დროს იმ ბინაში შესვლისას სადაც შინაური ცხოველია).
აიკროლი ეფექტურია ასევე "მშრალი თვალის" სინდრომის, თვალების გადაძაბვის, დაღლის დროს პროფესიული მავნე პირობების მქონე პაციენტებში და კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.
ამგვარად, აიკროლი წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას თვალის ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ლიტერატურა:

 

1.     Паттерсон Р., Греммер Л.К., Гринбергер П.А. Аллергические болезни: диагностика и лечение: пер. с англ. - М: Геотар Медицина, 2000.
2.     Клиническая аллергология: Рук-во для практических врачей/Под Ред. акад. РАМН, проф. Р.М. Хаитова – М. МЕДпресс – информ, 2002.
3.     Клиническая иммунология и аллергология. Под редакцией Г. Лора- Младшего, Т. Фишера, Д. Аделъмана. Москва 2000.