Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 მიდაქსის გამოყენების თანამედროვე ასპექტები 

ნანა გაფრინდაშვილი
ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი

ისევე როგორც ნებისმიერმა სიახლემ, საყოველთაო კომპიუტერიზაციამ არა მარტო გააიოლა თანამედროვე ცხოვრება, არამედ მრავალი პრობლემა გაუჩინა როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. უცხოურ სამედიცინო ლიტერატურაში დღეისათვის ხშირად შეხვდებით მონაცემებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად განვითარებული კისრის რადიკულიტის, მტევნის სახსრების პათოლოგიების, ნერვული მოშლილობების შესახებ, მაგრამ სხვა სისტემებთან შედარებით უფრო მეტად მხედველობის ორგანო დაზიანდა. კერძოდ, კომპიუტერის მომხმარებელი მოზრდილების 70%-ზე მეტს, ხოლო ბავშვების 25-30%-ს ოფთალმოლოგი-ური პრობლემები აღენიშნებათ (კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკელის ოპ-ომეტრული სკოლის 2007 წლის გამოკვლევების მიხედვით). ამ პრობლემათა ნუსხაში კი წამყვანი როლი ენიჭება აკომოდაციურ სპაზმს, მიოპიას და მხედველობის კომპიუტერულ სინდრომს.
აკომოდაცია წარმოადგენს თვალის უნარს მკაფიოდ დაინახოს სხვადასხვა მანძილზე მდებარე საგნები. მისი მექანიზმი მდგომარეობს ცილიარული კუნთის შეკუმშვა-მოდუნებასა და შესაბამისად ბროლის სიმრუდის გაზრდა-შემცირებაში საგნების დაშორების მიხედვით. ახლო მანძილზე ხანგრძლივი და შესვენების გარეშე მუშაობის შედეგად (კომპიუტერის მონიტორთან, წიგნის კითხვისას) აკომოდაციის გადაძაბვა და შემდგომ მისი სპაზმი ვითარდება. მაგ: თუ დილით პაციენტს ნორმალური მხედველობის სიმახვილე აქვს, კომპიუტერთან 6-8 საათიანი მუშაობის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მიოპია -1.0-დან -2.0 დიოპტრიამდე. შორს მხედველობის დაქვეითების გარდა, პაციენტი უჩივის სხვადასხვა მანძილზე ფოკუსირების გაძნელებას, საგნების შეფერილობის მოჩვენებით შეცვლას, საგნების გაორებას, მომატებულ შუქმგრძნობელობას, მხედველობითი შრომისუნარიანობის შემცირებას, თავის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას წარბის არეში, თვალის გადაძაბვის და დაღლილობის შეგრძნებას (აკომოდაციური ასთენოპია).
აკომოდაციური სპაზმი მიოპიის განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბოლო მონაცემებით 1995 წლიდან 7-9 წლის ბავშვებში მიოპიის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17-დან 34%-მდე მოიმატა. ამერიკის ოპტომეტრისტთა ასოციაცია ასეთი საგანგაშო დინამიკის მიზეზს შემდეგი ფაქტორებით ხსნის:
- ლიმიტირებული ცოდნა უარყოფითი ზეგავლენის შესახებ განაპირობებს იმას, რომ ბავშვი საათობით თამაშობს კომპიუტერთან (სკოლაში, მეგობრებთან, სახლში) ხანმოკლე შესვენების გარეშე, რაც ხდება აკომოდაციური სპაზმის და მიოპიის განვითარების ხშირი მიზეზი;
- ბავშვები ძალიან ადაპტაბელურები არიან. ისინი თვლიან, რომ რასაც და როგორც ხედავენ, ეს ნორმალურია, მაშინაც კი როდესაც მათი მხედველობა პრობლემურია. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, მშობლების მხრიდან ბავშვის მონიტორინგი კომპიუტერთან გატარებული დროის თვალსაზრისით;
- უფრო ხშირად სამუშაო ადგილი კომპიუტერთან უფროსებისთვის არის მოწყობილი, რაც ცვლის მხედველობის კუთხეს ბავშვისთვის (ნორმაში ის 15oუნდა უდრიდეს) და ასევე უარყოფითად მოქმედებს თვალზე.
აღსანიშნავია, რომ აკომოდაციური სპაზმის გარდა, მიოპიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თხელი სკლერა, გენეტიკური წინასწარგანწყობა ცილიარული კუნთის სისუსტე. მაგრამ სპაზმის მოხსნა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე სხვა დანარჩენი პრობლემების მოგვარება. მოწოდებულია სხვადასხვა ვარჯიშები (დაწყებული მზერის გადატანით ახლოდან შორსმდებარე საგნებზე, აკომოდოტრენერებით დამთავრებული), ფიზიოთერაპიული მეთოდები, რეფლექსოთერაპია და ა.შ. ყველაზე მარტივად და საკმაოდ ეფექტურად სპაზმის მოხსნა შესაძლებელია ხანმოკლე მოქმედების მიდრიატიკების გამოყენებით. არჩევის პრეპარატს მიდაქსი წარმოადგენს. ის M-ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას ახდენს ერთის მხრივ ფერადი გარსის სფინქტერში, რის შედეგადაც გუგა ფართოვდება სწრაფად და ხანმოკლე დროით, მეორეს მხრივ ცილიარულ კუნთში, რაც იწვევს აკომოდაციის დამბლას.
ბროლის, მინისებრი სხეულის და თვალის ფსკერის გამოკვლევისათვის უფრო ხშირად საკმარისია მიდაქსის 0.5%-იანი ხსნარის ერთჯერადი ინსტილაცია (თვალ-შიგა წნევის და წინა საკნის სიღრმის წინასწარი შეფასების შემდეგ). მიდრიაზი ვითარდება 15-20 წუთში და ნარჩუნდება 1-2 საათის განმავლობაში. თუ ვიკვლევთ თვალის რეფრაქციას (ასაკი 35 წლამდე), პრეპარატის 1%-იან ხსნარს ვაწვეთებთ 2-3 ჯერ (სპაზმური კომპონენტის სავარაუდო ხარისხის გათვალისწინებით) 10 წუთიანი ინტერვალით. ამით ვაღწევთ სრულ ციკლოპლეგიას შემთხვევათა 60-65%-ში. დანარჩენ პაციენტებში ინიშნება მიდაქსის 1% - იანი ხსნარის თითო წვეთი ძილის წინ 7-10 დღით და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა სათვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ჰიპერკორექციას, რაც გააძლიერებს სპაზმს და გაუარესებს მხედველობას.
აკომოდაციური სპაზმის სამკურნალოდ ვიყენებთ მიდაქსის 0.5%-იან ხსნარს ერთჯერადი ინსტილაციის სახით ძილის წინ 2-3 კვირის განმავლობაში. დადებითი ეფექტი მიღებულია შემთხვევათა 68-73%-ში, რათქმაუნდა საჭიროების მიხედვით კორეგირებული მხედველობის ფონზე.
ჩვენს მიერ მიდაქსი გამოყენებულ იქნა აგრეთვე მხედველობის კომპიუტერული სინდრომის სამკურნალოდ, ხელოვნურ ცრემლთან კომბინაციაში. მკურნალობამდე ადგილი ჰქონდა შემდეგ ჩივილებს
- მხედველობის დაბინდვა (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება)
- სხვადსხვა მანძილზე მხედველობის ფოკუსირების გაძნელება
- ახლო მანძილზე მუშაობის დროს სწრაფი დაღლა
- თვალების წვა, სიწითლე 
- თვალში უცხო სხეულის შეგრძნება
- ტკივილი თვალის კაკლის მოძრაობისას
მიდაქსის და ხელოვნური ცრემლის გამოყენებამ დადებითი ეფექტი მოგვცა მკურნალობის დაწყებიდან პრაქტიკულად პირველივე კვირის განმავლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიური ნივთიერების შეწოვის შედარებით მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მიდაქსის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები (ძირითადად ალერგიული კონიუნქტივიტის და დერმატიტის სახით) ჩვენს პრაქტიკაში შემთხვევათა 2-3%-ში აღინიშნა. ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს ფართოდ გამოვიყენოთ აღნიშნული პრეპარატი 2-3 წლამდე ბავშვების გამოკვლევისათვის, რადგანაც მიდრიატიკებზე გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად სწორედ ასეთ პაციენტებთან ვითარდება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
1. 0.5%-იანი მიდაქსი დიაგნოსტიკური მიზნით წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მიდრიაზისთვის თვალის ფსკერის და ბროლის მდგომარეობის შესაფასებლად ერთჯერადი ინსტილაციის ფონზე. გუგის გაფართოების ხარისხი მაღალია, მოქმედება ხანმოკლე, ოფთალმოტონუსზე ზემოქმედება ატროპინთან შედარებით დაბალი;
2. ასევე დიაგნოსტიკური მიზნით, მაგრამ რეფრაქციის სახის და ხარისხის დასადგენად შესაძლოა 1.0%-იანი მიდაქსის გამოყენება 2-3 ჯერადი ჩაწვეტებით 5 წუთიანი ინტერვალით. შედეგად ვაღწევთ სრულ ციკლოპლეგიას და ამასთანავე პაციენტი 2-3 საათში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
3. აკომოდაციური სპაზმის და მის მიერ გამოწვეული გართულებების მკურნალობისათვის ეფექტურია მიდაქსი 0,5%-იანი 2-3 კვირის ან მიდაქსი 1.0%-იანის ინსტილაცია ერთი კვირის განმავლობაში. შედეგი პოზიტიური და სწრაფია, ხოლო პაციენტი ჩვეულებრივ განაგრძობს ყოველღიურ საქმიანობას, არ ექმნება პრობლემები ახლო მანძილზე და კომპიუტერთან მუშაობის დროს;
ატროპინთან შედარებით მიდაქსს ნაკლებად ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რაც არ ზღუდავს მის გამოყენებას 3 წლამდე ბავშვებში და ასევე ორსულებში.


ლიტერატურა:

1. "Frequently Asked Questions on Computer Vision Syndrome and Computer Glasses" by Larry K. Wan, O.D. 2007
2. Taiwan Department of Health and National Taiwan University, 2000; National Eye Center and National Eye Research Institute, 2000.
3. American Optometric Association, Pediatric Eye and Vision Exam, Optometric Clinical Practice Guidelines, 2007