Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 ვამელანი ენდოკრინული დაავადებების თანმხლები ნევროზული მდგომარეობების მკურნალობაში 

ქეთევან მიქაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგია,
მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ ,,ენმედიც”-ის ექიმი-ენდოკრინოლოგი.

   მრავალფეროვანია ენდოკრინულ დაავადებებათა სფერო და მათი გამოვლინებანი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების მხრივ, მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნერვულ დაზიანებებს. პრაქტიკულად ყველა ენდოკრინული დაავადება ხასიათდება ვეგეტატური ნერვული სისტემის ცვლილებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსით და ძირითადი დაავადების მკურნალობის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ დროულ გამოვლინებასა და მკურნალობას.
დღევანდელი ცხოვრების რითმი, ინფორმაციის სიჭარბე, დროის დეფიციტი, ეკონომიური და პიროვნული პრობლემები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლასთან ერთად განაპირობებენ იმ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებს, რომელთაც, არც თუ იშვიათად, სერიოზულ დარღვევებამდე მივყავართ.
ნევროზული მდგომარეობა ამძიმებს ძირითადი დაავადების მიმდინარეობის კლინკურ სიმპტომებს, რის გამოც, იზრდება პაციენტთა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. თანმხლები დეპრესია 4 – 6 - ჯერ ზრდის გართულებების, დეკომპენსაციებისა და ლეტალური გამოსავლის რისკს, ამიტომ აუცილებელია ნევროზული მდგომარეობების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ენდოკრინულ პაციენტთა გარკვეული ნაწილი ხშირად პირველადად სხვა პროფილის ექიმებს მიმართავს, მათ შორის, ნევროპათოლოგებსაც, და თუ არა ამ უკანასკნელთა მაღალი კვალიფიკაცია, წლების მანძილზე უშედეგო იქნებოდა ძირითადი დაავადების მკურნალობა.
ამის დასტურია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევა: შესწავლილ იქნა ნევროლოგიურ კლინიკაში ამბულატორულად მისულ პაციენტთა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. გამოკვლეულ იქნა 700-მდე პაციენტი, მათგან 51%-ს აღმოაჩნდა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებანი, მაშინ, როცა მხოლოდ 1%-მა იცოდა ამის შესახებ.
ფარისებრი ჯირკვლის მრავალრიცხოვან დაავადებათა შორის გამოხატული სიმპტომებით ხასიათდება გრეივსის დაავადება (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი), უმეტესად, ვეგეტატური ნერვული სისტემის დარღვევებით – აგზნებადობა, გაუწონასწორებლობა, კანკალი, რეფლექსების გაძლიერება, ოფლიანობა, ვეგეტატური შეტევები, შიშები. განსაკუთრებით საყურადღებოა კუნთოვანი სისუსტე, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს მწვავე და ქრონიკული მიოპათია, კუნთების ატროფია და პარეზიც კი.
ნევროლოგიურ სიმპტომებს ასევე იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი, რაც გამოიხატება მეხსიერების დაქვეითებით, შებოჭილობით, ატაქსიით, სმენის დაქვეითებით. ასაკოვან პაციენტებში შესაძლოა ცერებრული ენცეფალოპათია, ვეგეტატური შეტევები, ზოგჯერ დისფაგია, დისპნოე, პოლინეიროპათია.
კუშინგის დაავადების დროს პირველი სიმპტომები ვეგეტატური ხასიათისაა. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნებათ ცერებროვასკულური ცვლილებები თავის ტვინის სისხლით არასრულყოფილად მომარაგების გამო. დამახასიათებელია კოგნიტური ფუნქციის შეცვლა და ხასიათის დეპრესიულობა. პაციენტთა დაახლოებით 1/3-ს აღენიშნებათ სისხლძარღვოვანი კრიზები, რომლებიც ხშირად ინსულტის მიზეზი ხდება. ხშირია პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე პოლინეირომიოპათიური სინდრომი, რომელიც კუნთებში მიმდინარე კატაბოლური პროცესებით არის განპირობებული.
გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომებია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დროს, რაც გამოწვეულია პირველადად თავის ტვინის სისხლით მომარაგების შესუსტებით, რის ფონზეც ვითარდება სისხლძარღვოვანი კრიზები, ასევე ფსიქოემოციური გამოვლინებები ზოგადცერებრულ სიმპტომებთან ერთად. დამახასიათებელია დისცირკულაციური ენცეფალოპათიის განვითარება ქერქის უმაღლესი ფუნქციის დაზინებით. ხშირია ახალგაზრდა ასაკში, უმეტესად ქალებში, ვლინდება არტერიული ჰიპერტენზიით, შემდეგ კი პოლიურიით, ნიქტურიით, სისუსტით, დაცემის ეპიზოდებით მიოპლეგიის გამო და სხვა.
შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული და ვეგეტატური ნერვული სისტემა.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შორის დეპრესიის გავრცელების სიხშირე საკმაოდ მაღალია. ის მკვეთრად აღემატება პოპულაციურს (5 – 10%) და 14,4 – 41,3% -ის ფარგლებში მერყეობს. არ არის გარკვეული ერთნაირი სიხშირით გვხვდება თუ არა ტიპი I და ტიპი II დიაბეტის დროს, აქვს თუ არა მნიშვნელობა გართულებების არსებობას და სხვა.
ავტორთა უმეტესობა განიხილავს დიაბეტისა და დეპრესიის ურთიერთკავშირის სამ ასპექტს: მეტაბოლურს, სომატოფსიქიურს და გენეტიკურს. პირველის მიხედვით დეპრესიის გამომწვევი მიზეზია დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ჰიპერგლიკემიის ფონზე ირღვევა კავშირი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძში, დეპრესიის ჩამოყალიბება ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს მრავალჯერადად განვითარებული ქრონიკული ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების ფონზე თავის ტვინის უჯრედებში მიმდინარე სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებთან.
მეორე მხრივ, დეპრესიის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს სომატური დაავადების ფსიქოტრავმული ზემოქმედება. მაგალითად, ყოველდღიური ცხოვრების რითმისა და ჩვევების შეცვლა, მწვავე გართულებები, რომლებიც ზღუდავენ პაციენტის საქმიანობას, მკურნალობის ტაქტიკა – ინსულინოთერაპიის დაწყება და სხვა. გენეტიკური თეორიის მომხრეები მოიშველიებენ იმ გენეტიკურ მარკერებს, რომლებიც საერთოა ორივე დაავადებისთვის.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არ არის კორელაციური კავშირი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა გლიკემიური კონტროლის მაჩვენებლებსა და დეპრესიას შორის, ასევე დაავადების მიმდინარეობის ან დეპრესიის სხვადასხვა ფორმებსა და ნახშირწყლოვან ცვლასთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ ენდოკრინულ დაავადებათა მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ენდოკრინოლოგთა გარდა, მონაწილეობას იღებს სხვა სომატური პროფილის ექიმები, მათ შორის, ნევროპათოლოგები. პრაქტიკულად ყოველ მეოთხე პაციენტს ენიშნება ანტიდეპრესანტები.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობის ეფექტურობა 60-70%-ია, მაგრამ მათ გააჩნიათ მრავალი გვერდითი მოვლენა: პირის სიმშრალე, ყაბზობა, სექსუალური სფეროს მოშლილობანი, ოფლიანობა, შარდის შეკავება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ხშირია ასევე გულის გამტარობის და კუმშვადობის ფუნქციის შეცვლა, არითმიები, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება. ამავე დროს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები იწვევენ სედაციურ ეფექტს – ძილიანობას, ყურადღების დაქვეითებას, რაც სახიფათოს ხდის ზუსტ მექანიზმებთან მუშაობას და ავტომობილის მართვას, აქვეითებს პიროვნების სოციალურ აქტიობას. ასევე გასათვალისწინებელია ამ მედიკამენტების წინააღმდეგჩვენებებიც: გლაუკომა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ორსულობა, ლაქტაცია, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სხვა.
ფართოდ გამოიყენება ტრანქვილიზატორებიც – ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, თუმცა, ამ მეთოდსაც აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები, მათ შორის: ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, კოორდინაციული დარღვევები და სხვა. ამავე დროს, პაციენტებს ხშირად უვითარდებათ წამლის მიმართ დამოკიდებულება. გარკვეულ შემთხვევებში სასურველია ფსიქოთერაპიული საშუალებების გამოყენება, მაგრამ, ერთი მხრივ, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა უკმარისობა, ხოლო მეორე მხრივ, პაციენტთა შიში ნერვული პროფილის ექიმთა მიმართ, განაპირობებს მათ არასრულფასოვან მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში და ასევე მსუბუქად მიმდინარე ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების დროს, ფართოდ გამოიყენება მცენარეული პრეპარატები. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური პრეპარატია – ვამელანი.
ვამელანი წარმოადგენს სამი მცენარეული კომპონენტის ოპტიმალურ კომბინაციას, რომლის შემადგენლობაშია: კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი 125 მგ, პიტნის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ და ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი 25 მგ.
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური ეფექტი. ამცირებს ფსიქიური გადაღლილობისა და ნევრასთენიისთვის დამახასიათებელ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ექსტრაქტი სპაზმოლიზურად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის გლუვ კუნთებზე, არის ნაღველმდენი. ეფექტურია მსუბუქი უძილობის დროს.
ბარამბოს ექსტრაქტს ეთერზეთების წყალობით გააჩნია სასიამოვნო სუნი და გემო. ადვილად ხსნის ტკივილს და კრუნჩხვებს. ამ თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ისე ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ამავე დროს, ბარამბოს ეთერზეთებს გააჩნიათ დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობენ მადის მომატებას (ნევრასთენიულ პაციენტებში ხშირად გვხვდება მადის დაქვეითება).
ჩვენს შემთხვევაში, ვამელანი გამოყენებულ იქნა მსუბუქი ნევროზული მდგომარეობების დროს, ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. შეფასებულ იქნა მათი ანკეტური მონაცემები, ჩივილები პირველადი მომართვისას და განმეორებითი კონსულტაციების დროს. აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში უმჯობესდებოდა თვითშეგრძნება, გაღიზიანებადობა. შემცირებული იყო ყელში ბურთის გაჩხერის, მოჭერის შეგრძნება. ნაკლებად აწუხებდათ გულის ფრიალი, აგზნებადობა, გაადვილებული იყო ჩაძინების პროცესი.  სარწმუნოდ შემცირდა შფოთვა და შიშები, რაც პრეპარატის დოზასა და მიღების ხანგრძლივობასთან იყო დაკავშირებული.
ამგვარად, პრეპარატი ვამელანი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მსუბუქი ნევროზული მდგომარეობების სამკურნალოდ. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ძილის სტრუქტურას და ხარისხს.
ვამელანის დანიშვნა შესაძლებელია პირველადი დახმარების სახით ვეგეტატური ნერვული სისტემის დაზიანებათა დროს და ასევე მანამ, სანამ პაციენტი შეძლებს კვალიფიციური ნევროპათოლოგის კონსულტაციის მიღებას, მით უფრო, რომ წინააღმდეგჩვენება მხოლოდ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები და 12 წლამდე ასაკია. ორსულებსა და მეძუძურ ქალებს ენიშნებათ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.