Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 ხოლუდექსანის როლი ღვიძლის პათოლოგიების მკურნალობაში 

მანანა მახვილაძე, თსსუ ინფექციური დეპარტამენტის
ასოცირებული პროფესორი
ვ. ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში

 
 
ხოლუდექსანის შემადგენლობაში შემავალი ურსოდეოქსიქოლის მჟავა პირველად მიღებულ იქნა დათვის ნაღველიდან, რაც მის სახელწოდებაშია ასახული. იგი წარმოადგენს არატოქსიურ მესამეულ ნაღვლის მჟავას. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყეს ურსოდეოქსიქოლის მჟავის გამოყენება ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად. შემდგომში კლინიკურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ურსოდეოქსიქოლის მჟავის თერაპიული მოქმედების სპექტრი ამით არ შემოიფარგლება. U. Leuscher-ის (1981) მონაცემებით, ურსოდეოქსიქოლის მჟავით მკურნალობის პროცესში კანონზომიერად უმჯობესდებოდა ავადმყოფების სუბიექტური მდგომარეობა, მცირდებოდა სიყვითლე, ქავილი, უმჯობესდებოდა ბიოქიმიური მაჩვენებლები (V. Mitsuyoshc H (1997)).
ნაღვლის მჟავები სინთეზირდება ჰეპატოციტებში, კერძოდ, მის გლუვ ენდოპლაზმურ ბადეში. ჰეპატოციტი, როგორც ღვიძლის ძირითადი ფუნქციური უჯრედი, წარმოადგენს მეტაბოლიზმის უნივერსალურ "ფაბრიკას"; ჰეპატოციტში მიმდინარეობს ურთულესი ცვლითი პროცესები: ნაღვლის ფორმირება და ექსკრეცია, ნახშირწყლების ჰომეოსტაზის რეგულაცია, ლიპიდების, პლაზმური ლიპოპროტეინების, ქოლესტერინის, სტეროიდების, სისხლის შემადედებელი სისტემის ძირითადი კომპონენტების სინთეზი. ყოველდღიურად ღვიძლში სინთეზირდება 250-500 მლ ნაღვლის მჟავა და გამოიდევნება ფეკალურ მასებთან ერთად. ქოლესტერინიდან სინთეზირდება პირველადი ნაღვლის მჟავები: ქოლის- და ქენოდეზოქსიქოლის მჟავები. ღვიძლში მიმდინარეობს მათი კონიუგაცია ამინომჟავებთან: გლიცინთან და ტაურინთან. კონიუგაცია აფერხებს მათ შეწოვას სანაღვლე გზებსა და წვრილ ნაწლავში, თუმცა ვერ აფერხებს მათ შეწოვას თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილში. ნაწლავის ბაქტერიების ზემოქმედებით ნაღვლის მჟავები განიცდიან დეჰიდროქსილირებას მეორადი ნაღვლის მჟავების - დეზოქსიქოლის და ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით ლითოქოლის - წარმოქმნით. მესამეული ნაღვლის მჟავები, ძირითადად ურსოდეოქსიქოლის მჟავა წარმოიქმნება ღვიძლში მეორეული ნაღვლის მჟავების იზომერიზაციის გზით. ადსორბირებული ნაღვლის მჟავები კარის ვენის სისტემის გავლით კვლავ აღწევენ ღვიძლში. ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატური ცირკურალაცია ხდება 2-15-ჯერ დღე-ღამეში.
ნაღვლის მჟავების საერთო რაოდენობაში ურსოდეოქსიქოლის მჟავის წილი არ აღემატება 5%-ს, თუმცა სისტემატური მიღების შემთხვევაში სისხლში მისი კონცენტრაცია მატულობს 10-ჯერ.
ხოლუდექსანის (ურსოდეოქსიქოლის მჟავა) პერორალური მიღება ამცირებს ქოლისა და ქენოდეზოქსიქოლის მჟავების შეწოვას წვრილ ნაწლავში. მიჩნეულია, რომ სიყვითლის დროს ქავილი ძირითადად განპირობებულია ნაღვლის მჟავების დაგროვებით სისხლში. ნაღვლის მჟავების რეაბსორბციის დათრგუნვის გზით, ხოლუდექსანი ხელს უწყობს პაციენტებისთვის ესოდენ შემაწუხებელი ქავილის შემცირებას. ქენოდეზოქსიქოლის მჟავასთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება შერეული მიცელები, რომლებიც იცავს უჯრედის ეპითელურ მემბრანებს კუჭის შიგთავსის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს.
ხოლუდექსანი ლიოფილურ მემბრანულ სტრუქტურებთან ურთიერთქმედების შედეგად ახდენს მათ სტაბილიზაციას და შეუვალს ხდის ციტოტოქსიური მიცელების ზემოქმედებისგან; იცავს პაციენტების ღვიძლს ალკოჰოლის და მრავალი ჰეპატოტოქსიური მედიკამენტის ტოქსიური ზემოქმედებისგან.
ხოლუდექსანის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ნაღვლმდენი მოქმედება და ქოლესტერინის დონის შემცირების უნარი. იგი აძლიერებს ნაღველთან ერთად წყლის, ლეციტინის, ქოლესტერინის და ბილირუბინის შეკავშირებული ფრაქციის ექსკრეციას.
ხოლუდექსანი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს ქოლელითიაზის დროს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მისი სიხშირე მატულობს ასაკთან ერთად. პირველი მანიფესტაცია ხდება 20-30 წლის ასაკში, 65 წლის ასაკში კი - გვხვდება მამაკაცების 20%-სა და ქალების 30%-ში. ყველაზე ხშირია ქოლესტერინული კენჭები. ნაღვლის შემადგენლობაში ნორმის ფარგლებში ქოლესტერინის, ნაღვლის მჟავებისა და ლეციტინის თანაფარდობა შეადგენს, 8, 72 და 20%-ს შესაბამისად. ნაღვლის ქოლესტერინით გადაჯერების, ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატური ცირკულაციის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლის, ქოლესტერინის მონოჰიდრატის კრისტალების სახით დალექვის შედეგად ჯერ ბილიარული ნალექი (ბილიარული სლაჯი), შემდეგ კი - ქოლესტერინული კენჭები წარმოიქმნება. ნაღვლმდენი თვისებისა და ნაღველში ქოლესტერინის დონის შემცირების უნარის გარდა, ხოლუდექსანი ქოლესტერინთან და ფოსფოლიპიდებთან შეკავშირებით წარმოქმნის ხსნარში შეწონილ მიცელებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაღვლის დენადობის ზრდას და ახანგრძლივებს ქოლესტერინის დალექვის დროს.
ბოლო წლების შრომები მიუთითებენ ხოლუდექსანის იმუნომოდულაციურ თვისებებზე, მის უნარზე შეამციროს ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის მიერ ანტიგენური უჯრედების ექსპრესია ჰეპატოციტებისა და ქოლანგიოციტების მემბრანაზე, აგრეთვე, ხოლუდექსანის უნარზე ხელი შეუწყოს პროანთებითი ინტერლეიკინი-2-ის წარმოქმნა.
არსებობს რეკომენდაციები ქრონიკული B და C ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობაში ხოლუდექსანის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე ინტერფერონსა და ნუკლეოზიდებთან კომბინაციაში. გარდა ამისა, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებში მიღებულ იქნა დადებითი შედეგები ხოლუდექსანის გამოყენებით ინტერფერონის მიმართ რეზისტენტული პაციენტების შემთხვევაშიც.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ხოლუდექსანის ისევე, როგორც ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს წამლის გამოყენების ინსტრუქციას.
   
ლიტერატურა:
1. Мерк Шарп и Доум. Руководство по медицине. М. 1997.
2. Соринсон С.Н. Вирусные гепатиты. С-П. 1998.
3. Шерлок Ш., Дули Дж. Заболевания печени и жёлчных путей. М. 1999.
4. Siegenthaler N, Kaufmann N, Hornbostel H, Waller N.D. Lehrbuch der Inneren Medizin. Stuttgart-New York. 1997.
5. Kiso S., Kavata S., Tamura S. Efficacy of combination therapy in the treatment of interferon-a with ursodeoxycholic acid in chronic hepatitis C: A randomized controlled clinical trial. J. Gastroenterology, 1997 V 32 N1, p. 56-63.
6. Ильченко А.А., Демокина О.В. Клиническое значение билиарного сладжа. Ж. Гастро-энтерология. Т. 7 /N2/ 2005.