Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 ვენოდიოლის გამოყენება ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობაში 
ავაზაშვილი დ. ნ., კოპაძე თ. შ., ბუაჩიძე თ. ო., ავაზაშვილი ნ. ნ.
ქ. თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და
გადაუდებელი მიკროქირურგიის განყოფილება
 

ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა (ქვუ) სულ უფრო ხშირად გვევლინება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის დაქვეითების და ინვალიდობის განვითარების მიზეზად (1.2.3). ამ გარემოებიდან გამომდინარე, ქვუ-ს მკურნალობის საკითხი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით ეს შეეხება ქვუ-ს კონსერვატული მკურნალობის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავებას, რადგანაც მოცემული პათოლოგიური მდგომარეობის ქირურგიული კორექციის შესაძლებლობები და შედეგები საკმაოდ შეზღუდული და ურთიერთსაწინააღმდეგოა (4).
 მოცემული ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა პრეპარატ ვენოდიოლის ეფექტურობის პირველადი შეფასება ქვემო კიდურების ქვუ-ით დაავადებული პაციენტების კომპლექსურ მკურნალობაში.
მასალები და მეთოდები:
კვლევა ჩატარებულია ქ. თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის განყოფილების ბაზაზე. 2007 წლის თებერვლიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით ქვემო კიდურების ქვუ-ის გამო სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა 72 პაციენტს. პაციენტთა ასაკი მერყეობდა 49-დან 70 წლამდე. ქალების რიცხვი იყო 49 (68.1%), მამაკაცების – 23 (31.9%). პაციენტთა უმრავლესობას - 53 (73.6%) ქვემო კიდურების ქვუ განუვითარდა ბარძაყის და/ან წვივის ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის გადატანის შემდეგ (თრომბოზის ეთიოლოგია იყო განსხვავებული, მათ შორის, იყვნენ პაციენტები, რომელთაც ანგიოლოგიური გართულებები განუვითარდათ ტრავმატოლოგიური ოპერაციების შემდეგ – მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, ბარძაყის ოსტეოსინთეზი და ა.შ.). დანარჩენ 19 პაციენტს (26.4%) ქვუ განუვითარდა ქვემო კიდურების ვენების არანამკურნალევი ვარიკოზული გაგანიერების გამო. წვივის მიდამოში კანის ტროფიკული დარღვევები გამოვლენილ იქნა 35 (48.6%) პაციენტში, რომელთაგან ინდურაციული პიგმენტური დერმატიტი აღინიშნებოდა – 24 (33.3%), ხოლო ტროფიკული წყლული – 11 (15.3%) შემთხვევაში.
 დაკვირვების ქვეშ მყოფ ყველა პაციენტს ჩაუტარდა მხოლოდ კონსერვატული მკურნალობა, რომელიც მოიცავდა პრეპარატების შემდეგ ჯგუფებს:
– ანთების საწინააღმდეგო – ლოქსიდოლი (მელოქსიკამი) 15 მგ ერთხელ დღე-ღამეში;
– ანტიჰისტამინური – ფექსოფენადინი 180 მგ ერთხელ დღე-ღამეში; 
– კომბინირებული ვენოტონური საშუალებები – ვენოდიოლი 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში.
საჭიროებისას, კოაგულოგრამის მონაცემების მიხედვით ინიშნებოდა ანტიკოაგულანტები (დაბალმოლეკულური ჰეპარინი 0.4 მლ 1 ან 2-ჯერ დღეში) ან დეზაგრეგანტები (ასპირინი 100 მგ 1-ჯერ დღეში). ტროფიკული წყლულის მქონე პაციენტებს დამატებით ენიშნებოდათ ანტიბიოტიკები, ადგილობრივი მკურნალობა და უიდ-თერაპია განყოფილებაში შემუშავებული მეთოდიკის მიხედვით (5). ასეთი კომპლექსური მკურნალობა პაციენტებს უტარდებოდათ საშუალოდ 10-14 დღე, შემდეგ ისინი აგრძელებდნენ მხოლოდ ვენოდიოლის მიღებას მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში დეზაგრეგანტებთან 4-6 კვირის მანძილზე.
შედეგები და მიმოხილვა:
ჩატარებული მკურნალობის კლინიკური შედეგების შეფასება შესაძლებელი გახდა 61 (84.7%) პაციენტში. 11 პაციენტი (უცნობი მიზეზების გამო) დაკარგულ იქნა მხედველობის არედან. პრეპარატ ვენოდიოლის ეფექტურობა ფასდებოდა მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 6 კვირის შემდეგ, ანუ იმ ვადაზე, როდესაც პაციენტები ვენოდიოლს იღებდნენ მონოთერაპიის სახით, ან კომბინაციაში დეზაგრეგანტებთან. ყველა პაციენტი აღნიშნავდა სუბიექტური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნების შემცირებას, წვივის კუნთების კრუნჩხვების მოხსნას. ობიექტურად ყველა პაციენტს შეუმცირდა ქვემო კიდურების შეშუპების ინტენსივობა, აგრეთვე, წვივის ქვედა მესამედის გარშემოწერილობა - საშუალოდ 15-20 მმ-ით. აღინიშნებოდა კოაგულოგრამის მაჩვენებლების ნორმალიზაცია (თუმცა ეს ეფექტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია კომპლექსურ თერაპიაში ანტიკოაგულანტების და/ან დეზაგრეგანტების გამოყენებასთან). ყველა პაციენტი აღნიშნავდა ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის მატებას, ანუ გაიზარდა ფეხით სიარულისას დისტანცია ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნების და შეშუპების გარეშე.
 ტროფიკული წყლულის შეხორცება არ დაფიქსირდა მოცემული ჯგუფის არცერთ პაციენტში, თუმცა ყველა შემთხვევაში აღინიშნა რეპარაციული პროცესების დადებითი დინამიკა (გამონადენის შემცირება, გრანულაციის წარმოქმნა, ტროფიკული დარღვევების საერთო ფართობის გარკვეული შემცირება), რაც წარმოადგენს ვენოტონური საშუალების მიღებით განპირობებულ ვენური სისხლისმიმოქცევის ნორმალიზაციის მეორად შედეგს.
 ქვუ-ს მკურნალობაში პრეპარატ ვენოდიოლის ასეთი თვალსაჩინო ეფექტურობა, ჩვენი აზრით, მისი ოპტიმალური ფარმაკოლოგიური შემადგენლობით აიხსნება. ერთის მხრივ, ვენოდიოლი შეიცავს ფლავონოიდებს – დიოსმინი და ჰესპერიდინი, მეორეს მხრივ – ასკორბინის მჟავას (ვიტ. C). როგორც ცნობილია, ქვემო კიდურების ქვუ-ს განვითარება წარმოადგენს პოლიფაქტორულ პათოლოგიურ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ვენური კედლის და სარქველების ფუნქციური თვისებების პროგრესირებად გაუარესებასთან და, აგრეთვე, თრომბოზის შედეგად განვითარებულ ვენური ღეროების ობტურაციასთან, ანუ ვენური სისხლის განდევნის გზების რაოდენობრივ შემცირებასთან (6). ფლავონოიდები (დიოსმინი, ჰესპერიდინი) ეფექტურად აღადგენენ ვენურ ტონუსს კედლისმიერი ნორადრენალინის აქტივობის ზრდის ხარჯზე (7.8). დიოსმინი და ჰესპერიდინი ხელს უწყობენ ქსოვილებში ჟანგბადის დაჭიმულობის ზრდას მიკროცირკულაციის გაუმჯობესების და სისხლის იუქსტაკაპილარული შუნტირების შემცირების გზით. ზოგიერთი ავტორი მიუთითებს დიოსმინის და ჰესპერიდინის უნარზე შეამცირონ ნეიტროფილების და მათი ფაქტორების გარკვეული დამაზიანებელი ზეგავლენა ვენური სისხლძარღვის კედელზე (9.10.11).
ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (ვიტ. С, რომელიც წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და იმუნომოდულატორს, აგრეთვე განაპირობებს ვენური სისხლძარღვის დაზიანების ხარისხის შემცირებას, ზრდის ორგანიზმის საერთო რეზისტენტობას, რაც ამაღლებს პრეპარატის სამკურნალო ეფექტურობას.
 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენოდიოლში ფლავონოიდების მაღალმიკრონიზებული სახით შემცველობა ზრდის პრეპარატის ბიოშეღწევადობას და შესაბამისად, მის თერაპიულ ეფექტურობას (12).
 ამგვარად, მოცემული მასალის საფუძველზე ვენოდიოლი შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ არჩევით პრეპარატად ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის კომპლექსურ თერაპიაში და რეკომენდებულ იქნას სამკურნალო პრაქტიკაში ფართო გამოყენებისათვის.
 
ლიტერატურა: 
 
1.Jantet G. Chronic venous insufficiency: worldwide results of the Relief Study. Angiology 2002, 53, P 245-256.
2. Cloarec H., Barbe B., Gritou P., Vanef F., Update in functional venous insufficiency. Phlebolymphology 1997, № 16, P 3-9.
3. Яблоков Е. Г., Кириенко А. И. , Богачов В. Ю., Хроническая венозная недостаточность . 1999, 127 с.
4 Шалимов А.А., Сухарев И.И., Хирургия вен. Киев. "Здоров'я" 2000, 254 с.
5. Тваладзе Н.Г., Авазашвили Д.И. Использование метода ультрафиолетового облучения крови (УФО-терапия) в лечении венозных язв Georgian Medical News, Tbilisi, 2003 № 9 (102) 10-12 c.
6. Савельев В. С.,Флебология. Москва "Медицина" 2001, 650 с
7. Struckmann J.R., Mikronized Flavonoids Clinical Efficacy In Overview Phlebology Lymphology. 1998, № 21 P 5-6.
8. De Caprio M., Vinci L., Giumetti D., Cjlitta G. Clinical experiences with a vasoprotective drugs in the treatment of venous problems. 1982 №5 p 497-508
9. Roztocil K. Strejcek S. Efficasy of a 6-month treatment with Diosmin 500 in patients with venous leg ulcers associated with chronic venous insufficiency. 2003.
10. Smith D. Neutrofil activation and mediators of in flamation in chronic venous insufficiency 1999
11. Manthey I. A. Biological protectics of flavonoids pertaining to inflamation. 2000
12. Lyseug-Williamson K.A., Perry C.M. Micronized flavonoid fraction: F review of use in chronic venous insufficiency, venous ulcers and haemorroids. Drugs. 2003