Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
 
პუბლიკაციები
 ვარიკოზული დაავადება და ვენური უკმარისობა – პროფესიონალის რჩევები 

ტრისტან ფერაძე, მედ. მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი
აკად. კ. ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი

 
 
კორ. – ბატონო ტრისტან, მაინც რა იწვევს ამ დაავადების ასე ფართოდ გავრცელებას? არის მონაცემები, რომ ქვემო კიდურების ვენების უკმარისობით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველი მე-4 ქალი და ყოველი მე-10 მამაკაცი ამ დაავადების ამა თუ იმ ფორმითაა შეპყრობილი. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?
ტ.ფ. – ეს მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სუფთა `ადამიანური~ დაავადებაა და უმეტესწილად, ჩვენი სხეულის ვერტიკალური მდგომარეობითაა განპირობებული. დიახ, არ გაგიკვირდეთ, ეს დაავადება ცხოველებში არ გვხვდება. მათი სხეული ჰორიზონტალურადაა განლაგებული და ვენური სისხლი თვითდინებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიედინება გულისკენ. ადამიანის ქვემო კიდურებიდან კი სისხლმა ჯერ ვერტიკალურად განლაგებული ქვემო ღრუ ვენა უნდა გაიაროს სანამ გულში მოხვდებოდეს, მთელი ეს `სვეტი~ სისხლისა აწვება ქვემო კიდურების ვენების სარქველებს, რომლებიც საერთოდ არ არის გათვლილი ასეთ წნევაზე. ვენები ამ წნევის ზემოქმედებით ფართოვდება, სარქველები `ვეღარ იჭერს~. თუ ჯანმრთელი ვენური სარქველები უზრუნველყოფს სისხლის ცალმხრივ მოძრაობას ქვემოდან – ზემოთ, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების სარქველები `აპარებს~ სისხლს ზემოდან ქვემოთ. ვენური სისხლი `გუბდება~ ქვემო კიდურებში, რაც იწვევს შემდგომ გართულებათა მთელს `ბუკეტს~.
კორ. – თუ ვენური უკმარისობა ვერტიკალური სიარულის დაავადებაა, როგორც ბრძანებთ, რატომ ყველას არ გვიჩნდება? და შესაბამისად, რა არის დაავადების წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორები?
ტ.ფ. – არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უგრძვნია სიმძიმე წვივებში დიდ ხანს დგომისა ან ჯდომის შემდეგ. ეს სიმძიმის გრძნობა სწორედ ვერტიკალურ პოზიციაში ვენური სისხლის მოძრაობის შეფერხებითაა გამოწვეული. მაგრამ საკუთრივ დაავადება რომ ჩამოყალიბდეს, რამოდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო.
პირველ რიგში – თანდაყოლილი მიდრეკილება, კონკრეტულად კი – ვენური სარქველების გენეტიკური სისუსტე. ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც პაციენტის ცხოვრების წესზე დამოკიდებული არ არის. უხშირესად, პაციენტის ნათესავების წრეში მოინახება ამ სენით დაავადებული პიროვნებები.
დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:
ორსულობა – ისევ თუ დავუბრუნდებით ჩვენს ოთხფეხა `მეგობრებს~, თვალნათელია, რომ მათი ნაყოფი აწვება მუცლის წინა კედელს და პრაქტიკულად არ უშლის ვენურ სისხლს მოძრაობაში. ორსულ ქალში კი ნაყოფი ძირითადად მენჯის ღრუს აწვება და ქვემო კიდურებიდან ვენურ ნაკადს აფერხებს. ამითაა გამოწვეული ქალებში, მამაკაცებთან შედარებით ვარიკოზის მაღალი სიხშირე.
სიმსუქნე – ისევ და ისევ ვენური ნაკადის შეფერხების გამო.
ფეხზე დგომა და ჯდომა უმოძრაოდ – ქვემო კიდურების კუნთების შეკუმშვა ქვემო კიდურებიდან ვენური სისხლის გამოდევნის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. უმოძრაოდ დგომის ან ჯდომის დროს, როდესაც კუნთები არ იკუმშება, ვენური შეგუბება ხარისხობრივად ღრმავდება.
ცხელი აბაზანები, მზის და სითბოს ზემოქმედება კიდურებზე – კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ვენებს.
ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, კონტრაცეპტივები.
კორ. – ისე, ხშირად მინახავს ადამიანები ვენური კვანძებით `დახუნძლული~ ფეხებით. მაინცდამაინც ტკივილებს არ უჩივიან ხოლმე. სიმძიმის გრძნობას თუ აღნიშნავენ. ჩემს მეგობარსაც აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ თვლის, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემის წინაშე დგას. თქვენ კი საშიში გართულებები ახსენეთ.
ტ.ფ. – ძირითადში ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის გრძნობით, რომელიც ძლიერდება დიდ ხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით გამჭოლი ტკივილებით წვივებში, კანის ქავილითა და წვით, ღამის კრუნჩხვებით. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე შეიძლება არც იყოს დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია ხოლმე. ერთ-ერთი უვერაგესი დაავადებაა. მისი ვერაგობა სწორედ ასეთ, შეიძლება ითქვას, `არშეწუხებაში~ გამოიხატება. საკმაოდ შორსწასული ფორმების პირობებშიც, როდესაც მძიმე გართულებები პრაქტიკულად გარდაუვალია, პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს. თანაც, ჩვენი ქართული `დარდიმანდული~ ბუნებიდან გამომდინარე, სანამ `ჯერ ისე~ არ შეგვაწუხებს, არ ვაქცევთ ყურადღებას და ეს დაავადება როდესაც `ისე~ შეგვაწუხებს, უხშირესად უკვე გვიანია. გართულებები კი ვენურ უკმარისობას სავალალო აქვს:
ტროფიკული წყლული: შეუხორცებელი დეფექტი, უხშირესად წვივის შიდა ზედაპირზე, გოჯის ზონაში. ამის წინამორბედია კანის გამუქება, ეგრეთწოდებული `ღვინის ლაქების~ გაჩენა წვივზე. ასეთი ლაქის ცენტრში საბოლოოდ წყლული წარმოიქმნება.
რა არ მომისმენია წყლულის `ხალხურ~ მკურნალობაზე. ფრიად უცნაური `რეცეპტებიც~ შემხვედრია. ასეთი `ვაი მკურნალობების~ ფართოდ გავრცელება და მათზე დიდი მოთხოვნილება ამ დაავადების ვერაგული თვისების ბრალია: წყლული პერიოდულად თავად იხურება, ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც, `ბრალდება~ კი _ `უებარ მალამოს~,  მეტსაც გეტყვით, დროებით შეხორცებას არა იმდენად მალამოს ავკარგიანობა, რამდენადაც მჭიდრო ნახვევი უწყობს ხოლმე ხელს. მაგრამ სერიოზული მკურნალობის გარეშე წყლული აუცილებლად ისევ წარმოიქმნება, უფრო დიდი და გართულებული.
ღრმა ვენების უკმარისობა, თრომბოზი და პოსტთრომბოზული სინდრომი – ხალხში ამას დაავადების ღრმა ვენებზე გადასვლას ეძახიან, ეს სიმართლესთან ახლოს არის: ზერელე ვენებით დაბრუნებულ სისხლის ნაკადს ღრმა ვენები ვეღარ აუდის, გადაიტვირთება და სარქველები აქაც `ფუჭდება~. ამ დროს წვივები გამოხატულად შეშუპდება, კრუნჩხვები და გამბრჯენი ტკივილები გაძლიერდება. ღრმა ვენების მძიმე ხარისხის უკმარისობა თრომბოფლებიტმაც შეიძლება გამოიწვიოს. ამ დროს დასაწყისში ტემპერატურა იწევს, სივდება ქვემო კიდური, შეიძლება კანმა მოიისფრო ელფერიც მიიღოს. მიზეზია _ ვენების ინფექციური ანთება და თრომბული მასებით სანათურის დახშობა, შედეგად კი – ვენური სისხლის უკუდინების შეფერხება. ცუდი ის არის, რომ ასეთ პირობებში ადექვატური მკურნალობის შემდეგაც კი ყალიბდება მძიმე ვენური უკმარისობა კიდურების მუდმივი შეშუპებით, კანის გამუქებითა და წყლულების ჩამოყალიბებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, ღრმა ვენების უკმარისობა და ღრმა თრომბოფლებიტი ეს ვარიკოზის ის გართულებებია, რომლებსაც ჯობია არ `დაველოდოთ~, ვინაიდან, თუ ამ გართულებებამდე მკურნალობის შედეგები უდავოდ კარგია, გართულების ჩამოყალიბების შემდეგ – საკმაოდ დაბალია.
ყველაზე საშიში გართულება კი თრომბოემბოლია გახლავთ. ხშირად გაგვიგონია – `თრომბმა დაარტყა~-ო. თრომბოფლებიტის დროს სწორედ ეს თრომბები შეიძლება მოწყდეს ვენიდან და ვინაიდან არანაირი წინაღობა არ ხვდება, სისხლის ნაკადით მოხვდება ფილტვის არტერიაში და დაახშობს მას. ეს კი, ეგრეთწოდებული, `შოკოგენური ზონაა~, და თუ მოწყვეტილი თრომბი საკმარისად დიდია, შეიძლება მოხდეს სუნთქვისა და გულისცემის მომენტალური გაჩერება. ძალიან შეშინება კი გამომდის, მაგრამ უეცარი სიკვდილის მიზეზებს შორის თრომბოემბოლია პირველ ადგილს იყოფს მიოკარდიუმის ინფარქტთან.
კორ. – მართლაც, საკმაოდ შავ ფერებში დაგვიხატეთ ვარიკოზული დაავადებით შეპყრობილთა საბოლოო ბედი. ნუთუ არ არსებობს მკურნალობა თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების გადმოსახედიდან?
ტ.ფ. – ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ძირითადი, დამტკიცებულად შედეგიანი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა. კონსერვატული მკურნალობა წარმოადგენს დამხმარე მეთოდების ნუსხას.
კორ. – ესე იგი, თუ გვაქვს ვარიკოზული დაავადება, ოპერაცია გარდაუვალია?
ტ.ფ. – დიახ, ასეა. მაგრამ, ამდენი `დაშინების~ შემდეგ მინდა პოზიტიურიც შევიტანო ჩვენს საუბარში. ჩვენი საშუალო `ობივატელისათვის~ ოპერაცია რაღაც კატასტროფის ტოლფასია. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი წამლობა ოპერაციასთან შედარებით ორგანიზმისათვის ასკეცად დამანგრეველია. ჩვენს შემთხვევაში, მადიცინის განვითარების თანამედროვე პირობებში, საოპერაციო ტექნიკა იმდენად დაიხვეწა, რომ მიღებული გაგებით `ოპერაციის~ სახესაც არ ატარებს. თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქირურგი მცირე განაკვეთებით რადიკალურად მკურნალობს პაციენტს. ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი მინიმუმამდეა დაყვანილი – ასეთი ოპერაციის შემდეგ უხშირესად მეორე დღესვე დადიან, შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და ა.შ.
კორ. – მაგრამ, თუ აღწერილმა გართულებებმა “მოასწრო”, ქირურგს რა გამოსავალი აქვს?
ტ.ფ. – კიდევ ვიმეორებ, რომ ჯობია გართულებებს არ დაველოდოთ, ვინაიდან რამდენადაც გაურთულებელი ვარიკოზის ოპერაციის შედეგები კარგია, იმდენად საჩოთიროა გართულებების მკურნალობა. ტროფიკული წყლულის პირობებში ძველი მეთოდიკა ითვალისწინებდა თვეობით დამღლელ მკურნალობას და წყლულის შეხორცების შემთხვევაში – ოპერაციის ჩატარებას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არის საშუალება აქტიური წყლულის პირობებშივე ჩატარდეს რადიკალური ოპერაცია. საინტერესოა ხოლმე პაციენტის გაკვირვება, როდესაც ხანდახან წლობით შეუხორცებელი წყლული ოპერაციის შემდეგ დღეებში ხორცდება.
ღრმა ვენების უკმარისობა კი თუ განვითარდა, აქ ოპერაცია ნაკლებად შედეგიანია. ასეთი პაციენტის მთელი ცხოვრება ერთ უწყვეტ მკურნალობად იქცევა. ამ შემთხვევაში პრაქტიკულად მოუხსნელად უწევთ ელასტიური ბინტების ან სპეც. კოლგოტის ტარება.
თრომბოფლებიტი კი, როგორც მოგახსენეთ, სასიკვდილო თრომბოემბოლიის მიზეზი შეიძლება გახდეს, ამიტომ ვარიკოზული კვანძის ანთების, გაწითლების, გამკვრივების, ან კიდურის სწრაფად შეშუპების და ტემპერატურის მომატების დროს სასიცოცხლოდ ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ოპერაცია.
კორ. – ბატონო ტრისტან, ოპერაციის აუცილებლობასა და გარდაუვალობაში დაგვარწმუნეთ, მაგრამ რას გვეტყვით ეგრეთწოდებულ ალტერნატიულ მეთოდებზე, მაგალითად, ლაზეროტერაპიაზე, სკლეროთერაპიაზე?
ტ.ფ. – დღეს სიტყვა `გაიდლაინი~ ყველას პირზე აკერია. ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციას მკურნალობის წესებისადმი დამოკიდებულების შეცვლაც მოყვება. რაც სართაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ მრავალწლიანი და რთული კვლევების შედეგად მიღებულია დაავადების მკერნალობის მეთოდიკად, ამას ეძახიან გაიდლაინს. გაიდლაინის არშესრულება ან საკუთარი ნებით ცვლილებების შეტანა, რბილად რომ ვთქვათ, ექიმის არაცივილიზებულობის მაჩვენებელია. ამ რეკომენდაციებში ხომ თავმოყრილია მეთოდიკები, რომლებიც გამოჯანმრთელების დამტკიცებულად ყველაზე მაღალ პროცენტს გვაძლევს. შესაბამისად, გაიდლაინში არ შევა მეთოდები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება საკამათოა ან საერთოდ არ დამტკიცდა.
ვარიკოზული დაავადების გაიდლაინი მოითხოვს ჩატარდეს შესაბამისი ოპერაცია და თუ ეს საჭიროა, შემდგომში შეიძლება ჩატარდეს სკლეროთერაპიაც, ლაზერით `მოწვაც~ წმინდა კოსმეტიკური თვალსაზრისით. ოპერაციის გარეშე სკლეროთერაპიის ჩატარება მიღებული არ არის რეციდივების  და გართულებების მაღალი სიხშირის გამო.
კორ. – დაბოლოს, სანამ ექიმს მივაკითხავდეთ, რა რჩევებს მოგვცემთ, ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის ჩვენ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?
ტ.ფ. – დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაში, როდესაც მხოლოდ სიმძიმის გრძნობა აწუხებს პაციენტს, პროფილაქტიკას აქვს მნიშვნელობა. ვენური უკმარისობის მქონე ადამიანისათვის ძირითადი – ცხოვრების რეჟიმია: თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, სხეულის წონის კონტროლი, ვარჯიში, ცურვა, გაუნძრევლად დგომისა და ჯდომის შეზღუდვა, ცხელი აბაზანისა და მზით გარუჯვის აკრძალვა. შხაპის მიღება უნდა დასრულდეს ფეხებზე ქვემოდან ზემოთ მიმართული ცივი წყლის ნაკადით. შეიძლება საჭირო გახდეს ელასტიური ბინტების ან სპეციალური ტრიკოტაჟის ხმარება, ვენოტონიკური პრეპარატების მიღება. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს თანამედროვე ვენოტონური საშუალებების როლი ქვუ-ს და ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. ჩემს პრაქტიკაში ვენურ სისტემაზე მოქმედ საშუალებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგანაც ისინი შეუცვლელია როგორც ვენური დაავადების განვითარების შესაფერხებლად, აგრეთვე ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის ვადების შესაკვეცად, კლინიკური გამოვლინებების შესამცირებლად, შეშუპების, სიმძიმის შეგრძნების მოხსნის დასაჩქარებლად.
დღეისათვის, საკმაოდ ბევრი მედიკამენტი არსებობს, რომლებიც ანგიოლოგის პრაქტიკის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება ვენოდიოლი, რომელიც ზემოთ ხსენებული ვენური პათოლოგიების დროს ახდენს ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო, აგრეთვე ვენოტონურ და ანგიოპროტექტორულ მოქმედებას. ვენოდიოლს ქვუ-ს და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში დაახლოებით 10 თვეა ვიყენებ. მინდა ავღნიშნო, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში ვენოდიოლის ჩართვა მკურნალობის კომპლექსში პაციენტების მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას იწვევს _  ამცირებს შეშუპებას, ტკივილს, აუმჯობესებს ლიმფურ და ვენურ დრენაჟს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ვენოდიოლის ასეთი ეფექტურობა ჩემი აზრით, მასში შემავალი კომპონენტების საინტერესო კომბინაციით აიხსნება: ეს გახლავთ ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინის და 50 მგ ჰესპერიდინის  მიკრონიზებული დაწმენდილი ფრაქციის და 100 მგ ასკორბინის მჟავის  ერთობლიობა. სწორედ, ფლავონოიდების და ჩ ვიტამინის ასეთი კომბინაცია განაპირობებს მათი ბიოლოგიური აქტივობის მაქსიმალურ გამოვლინებას. ვენოდიოლით მკურნალობის ვადა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის სიმძიმეზე და საშუალოდ 2-3 თვეს მოიცავს. ინიშნება ვენოდიოლის თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. იგი უსაფრთხოა ხანგრძლივი, განმეორებითი კურსობრივი თერაპიისათვის, არ იწვევს შეჩვევას და ალერგიულ რეაქციებს.
ასე რომ, მოვუაროთ თავს, დროზე მივაკითხოთ ლიცენზირებულ სპეციალისტს, ვენდოთ მას და გვახსოვდეს: ჩვენი ჯანმრთელობა – ჩვენს ხელთაა!