Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
 
პუბლიკაციები
 ვამელანის გამოყენება ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მკურნალობაში 

ნანა ხაჭაპურიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების პროფესორი

ვამელანის გამოყენება ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მკურნალობაში
თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რითმი, დროის დეფიციტი, ჭარბი ინფორმაცია, ცხოვრების ტემპი განაპირობებს ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელთაგან ერთ-ერთ ხშირ და გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენს ე.წ. “ფსიქოვეგეტატიური დარღვევები”. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მისი სიხშირე პოპულაციაში 10-20%-ია. “ფსიქოვეგეტატიური დარღვევების” ქვეშ გაერთიანებული სიმპტომებიდან ყველაზე ხშირია შფოთვა, დაძაბულობა, ძილის დარღვევები, გაღიზიანება, არაადექვატური და განსხვავებული მოდალობის ემოციური რეაქციები. არცთუ იშვიათად, გვაქვს ასევე, პაროქსიზმული ფსიქოვეგეტატიური გამოვლინებები ფობიებისა და პანიკური შეტევების სახით. კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტებს, რომელთაც აქვთ პერმანენტული ან პაროქსიზმული ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი რიცხვები, ასეთ ავადმყოფებში მაღალია ინსულტის, ჰიპერტონული დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებში ფსიქოვეგეტატური დარღვევებით სუიციდი 20%-ში აღინიშნება, მაშინ როდესაც სხვა დარღვევების დროს იგი 6%-ია. სუიციდალური ტენდენციები განსაკუთრებით აღენიშნებათ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ ეპიზოდური პანიკური შეტევები და ხანგრძლივად მიმდინარე ფსიქოვეგეტატური დარღვევები დეპრესიაში ტრანსფორმირებით.
 ამ დარღვევების ადექვატურ თერაპია არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური მნიშვნელობისაა, რადგან ავადმყოფთა დიდ ნაწილს აქვთ ალკოჰოლისა და ბენზოდიაზეპინების მიმართ დამოკიდებულების განვითარების მაღალი რისკი. ალკოჰოლის ხშირი გამოყენება შეინიშნება პაციენტთა 24,3%-ში დამოკიდებულების განვითარება 8,7%-ში, ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენება 26%-ში, სხვა ნარკოტიკული პრეპარატების 17%-ში.
 მიზეზი, რომელიც იწვევს ფსიქოვეგეტატიური სინდრომის განვითარებას, ბოლომდე ცნობილი არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ თავისებურებებს. განიხილება ადრენერგული რეგულაციის დარღვევის საკითხიც. Lოცუს ცოერულეუს, რომელიც ვეგეტატური ნერვული სისტემის სეგმენტზედა სტრუქტურაა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქცევით და ვეგეტატურ რეგულაციაში. ექსპერიმენტით დადგენილია, რომ შფოთვითი მოშლილობები განპირობებულია სიმპატიკუსის ჰიპერაქტივობით. მედიატორული დარღვევები ფსიქოვეგეტატური სინდრომის დროს ფართოდაა წარმოდგენილი თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილში. ამასთან, შფოთვითი მოშლილობების დროს ჭარბობს ლიმბური სისტემის დისფუნქცია. მარეგულირებელი მნიშვნელობა აქვს რეტიკულურ ფორმაციასაც და მის კავშირებს ვეგეტატური რეგულაციის სეგმენტზედა ნაწილებთან. უნდა აღინიშნოს, რომ პერიფერიული ვეგეტატიური სისტემა დაავადების არა მარტო კლინიკური გამოვლინების რეალიზაციას ახდენს, არამედ დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას მის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად პირველი შფოთვითი გამოვლინებები რეალიზდება პერიფერიულ დონეზე, მხოლოდ ხანგრძლივი შფოთვითი მოშლილობები იწვევენ პათოლოგიურ პროცესში ცენტრალური მექანიზმების ჩართვას.
დაავადების პათოგენეზიდან გამომდინარე, ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრანკვილიზატორებს - ბეზოდიაზეპინის წარმოებულებს. მკურნალობის ეს მეთოდი სულაც არ არის იდეალური გვერდითი მოვლენების გამო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, კოორდინაციული დარღვევები. ამის გამო ქვეითდება ამ ავადმყოფთა შრომის უნარი, მათ ადვილად უვითარდებათ წამლის მიმართ დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები, კერძოდ, რაციონალური და კოგნიტური თერაპია, ფსიქოსემანტური კორექციის მეთოდი, ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდი და სხვა. მაგრამ, სისტემური ფსიქოტექნოლოგიების ჩატარება მოითხოვს კვალიფიციურ ექიმ-ფსიქოთერაპევტს, ამასთან, ბევრ პაციენტს შიში აქვს ნერვული პროფილის ექიმის მიმართ და ბოლოს, ფსიქოთერაპიული კორექცია შედარებით მსუბუქი და ნაკლებად მძიმე ფსიქოვეგეტატიური დარღვევების დროს ნაჩვენები არ არის. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ისეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა, რომელთაც არა აქვთ გვერდითი მოვლენები კოგნიტური და ფსიქიკური ფუნქციების შენელების სახით. ამ ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება მცენარეული წარმოშობის არაქიმიური პრეპარატები. პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობასა და შფოთვის ხარისხზე. ხანმოკლე სუბსინდრომული და მსუბუქი შფოთვითი დარღვევების დროს რეკომენდებულია მცენარეული წარმოშობის პრეპარატი ვამელანი, რომელიც წარმოადგენს ჟელატინის კაფსულებს და შედგება კატაბალახას – 125 მგ, ბარამბოს – 25 მგ და პიტნის მშრალი ექსტრაქტისაგან – 25 მგ. ჩატარებულმა პლაცებო-კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა დადგინა ვამელანის ეფექტურობა ფსიქოვეგეტატიური სინდრომის შფოთვითი მოშლილობების დროს. უნდა აღინიშნოს ვამელანის შემადგენელი თითოეული კომპონენტის მოქმედების მექანიზმი.
კატაბალახას ექსტრაქტს აქვს სედაციური, ჰიპნოტიკური და სუსტი ანტიკონვულსიური ეფექტი. ორმაგი პლაცებო - კონტროლირებადი რანდომიზებული კვლევებით დადგენილია, რომ კატაბალახა აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აგრძელებს ძილის ხანგრძლივობას. ძილის სტრუქტურაზე მისი გავლენა იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ. ორმაგი პლაცებო-კონტროლირებად კვლევით ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ კატაბალახას ადგილი ჰქონდა ნელი ძილის ფაზის ზრდას და ძილი პირველი ფაზის შემცირებას. სწრაფი ძილის ფაზის ხანგრძლივობა იყო უცვლელი. კატაბალახას ეფექტი ძილის ხარისხზე თვალსაჩინოა ინსომნიების დროს და არ არის გამოხატული ჯანმრთელებში. კვლევის დროს კლინიკურად დარეგისტრირდა კატაბალახას დადებითი გავლენა როგორც ფსიქიკურ, ასევე სომატურ (ვეგეტატიურ) სიმპტომებზე. ასევე დადგინდა, რომ კატაბალახა არ ახდენს გავლენას სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე. მას გააჩნია მსუბუქად გამოხატული ანქსიოლიტური მოქმედება, არის უვნებელი, პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები, რაც იძლევა საშუალებას გამოყენებული იყოს ფართოდ, სტრეს - ინდუცირებული ფსიქოვეგეტატიური რეაქციების დროს, განსაკუთრებით, ავადმყოფთა ისეთ მგრძნობიარე ჯგუფში, როგორიცაა მოზარდები და მოხუცები.
პიტნის ფოთლების ძირითად აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ეთერზეთები, რომლის ძირითადი კომპონენტებია მენთოლი მისივე სტერეოიზომერებით (ნეომენთოლი, იზომენთოლი, მენთონი, მენთილ-აცეტატი, მენთოფურანი, ცინეოლი და ლიმონენი). იგი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლილობების სიმპტომური მკურნალობისათვის, როგორიცაა დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტი, ენტერიტი. პიტნის ფოთლების ექსტრაქტს აქვს ანტისპაზმური ეფექტი და  ნაღვლმდენი აქტივობა.
ბარამბოს ფოთლების ძირითადი აქტიური ნივთიერებაა ეთერზეთები, რომელიც შეიცავს მონოტერპენოიდულ ალდეჰიდებს, ფლავონოიდებს, ჰიდროქსიყავისფერი მჟავის წარმოებულებს. ეთერზეთებს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, სედაციური ეფექტი. მაღალ დოზებში მას გამოხატული აქვს პერიფერიული ანალგეზიური ეფექტი.
ჩატარებული კვლევების ფარგლებში ხდებოდა პაციენტების კლინიკო- ნევროლოგიური შეფასება, მათი ანკეტირება, ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის, აგრეთვე  ძილის და ცხოვრების ხარისხის შეფასება. პაციენტთა ძირითად კლინიკურ გამოვლინებას წაროადგენდა შფოთვა, შინაგანი დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, ფობიები. კლინიკური გამოვლინებების შეფასებამ ვამელანის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, აჩვენა რეაქტიული შფოთვის მნიშვნელოვანი შემცირება, შემდგომში ადგილი ჰქონდა დაღლილობის, გაღიზიანებადობის, ჰაერის უკმარისობის და ფსიქოგენური კარდიალგიების შემცირებას. ვამელანით მკურნალობის ფონზე ადგილი ჰქონდა შფოთვის სარწმუნოდ შემცირებას, რაც პირდაპირ დამოკიდებულებაში იყო პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან.
გვერდით მოვლენებს ვამელანის მკურნალობის პირობებში ადგილი არ ჰქონია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ადგილი არ ჰქონია ყურადღების დაქვეითებას და დღის ძილიანობას. ასე რომ, პრეპარატის აუტანლობა არ დაფიქსირებულა და მკურნალობის პერიოდში ავადმყოფთა შრომისუნარიანობა შენარჩუნებული იყო.
ამრიგად, ვამელანი არის ეფექტური სამკურნალო პრეპარატი ფსიქოვეგეტატური დარღვევების მკურნალობაში. ის ამცირებს რეაქტიულ და პიროვნულ შფოთვას, ძილის მოშლას, დეპრესიას, რაც მიუთითებს პრეპარატის გამოხატულ ანქსიოლიტურ და ვეგეტატიურ მოქმედებაზე. ყოველივე ეს იძლევა საფუძველს პრეპარატი გამოყენებული იყოს ფსიქოვეგეტატიური მოშლილობების დროს შემდეგ სიტუაციებში:
   _ ნევროზული მოშლილობები, მიმდინარე შფოთვით, ასთენიით, ვეგეტატური დისფუნქციით, ძილის მოშლით;
   _ ბენზოდიაზეპინების დანიშვნის წინააღმდეგჩვენების დროს (ახალგაზრდა ასაკი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მოშლა და სხვა);
   _ ბენზოდიაზეპინების მოხსნის შემთხვევაში;
   _ მწვავე სტრესული მოშლილობების დროს.