Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 ჰელმადოლი - ახალი შესაძლებლობა ჰელმინთოზების მკურნალობაში 

ნუგზარ უბერი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
თსსუ ასოცირებული პროფესორი

ჰელმინთოზი - პარაზიტებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ადამიანებისთვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. პირველად, ცნება ჰელმინთოზი ჰიპოკრატეს მიერ იქნა შემოღებული (Hელმინტჰ – ლათ. ჭია). ჰელმინთოზი დღემდე ადამიანის ყველაზე უფრო გავრცელებულ პათოლოგიად ითვლება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა ბავშვთა ასაკში, რადგან ინვაზირებულთაგან უდიდესი წილი (80%) ამ ასაკის პაციენტებზე მოდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები მეტად შემაშფოთებელია _ ჰელმინთოზით დასნებოვნებულთა რიცხვი მწვავე რესპირატორული დაავადების და გრიპის შემთხვევათა ჯამს აჭარბებს. იგივე მონაცემების მიხედვით, 2006 წლისათვის მსოფლიოში 4.5 მლრდ. ადამიანია აღრიცხული პარაზიტული დაავადებით, მათ შორის, ევროპის ყოველი მესამე მცხოვრები ინვაზირებულია ამა თუ იმ პარაზიტით.
ბავშვებში ჰელმინთოზი იწვევეს ზრდაში ჩამორჩენას, სისხლნაკლებობას, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითებას, გამოფიტვას. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა პარაზიტული დაავადების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე გამოვლინდება ალერგიზაციით და იმუნური პასუხის დათრგუნვით. ლამბლიოზის და ნაწლავური ჰელმინთოზების დროს ალერგიზაცია იწვევს ქრონიკული ალერგოდერმატოზების (ნეიროდერმიტი, ეგზემა, რინიტი, ბლეფარიტი და ა. შ.), აგრეთვე, ატოპიური ბრონქული ასთმის პროვოცირებას. ჰელმინთები და მათი ტოქსინები ალერგენებს წარმოადგენენ, რომლებიც იწვევენ ანთებით ცვლილებებს, ახდენენ იმუნოსუპრესორულ მოქმედებას და ასტიმულირებენ Iგ E-ს პროდუქციას. ყველაფერი ეს იწვევს ისეთი ალერგიული დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა და ა. შ. დამტკიცებულია, ნაწლავურ ჰელმინთოზებსა და ალოპეციას, აგრათვე კანის კეროვან დეპიგმენტაციას შორის კავშირიც. ჰელმინთოზის დროს ორგანიზმის ალერგიული რეაქცია გამოვლინდება დაავადების მწვავე ფაზაში და ძლიერდება სუპერ- და რეინვაზიის პირობებში. ალერგიული პასუხი გამოიხატება კანზე სხვადასხვა ლოკალიზაციის გამონაყარის სახით, აგრეთვე ლიმფადენოპათიით, ჰიპერეოზინოფილიით, მიალგიით, ართრალგიით, პულმონარული და აბდომინალური სინდრომებით, ჰეპატოსპლენომეგალიით. ჰელმინთოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი სერიოზული პროგნოზის მქონე დაავადებებიც, როგორიცაა ალერგიული მიოკარდიტი, ეოზინოფილური პნევმონია, მენინგოენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ჰეპატიტი და ჰემოსტაზის სისტემის დარღვევები.
ბავშვებში პარაზიტული დაავადება განაპირობებს ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის დათრგუნვას, რაც იწვევს მწვავე რესპირატორული დაავადებების და სხვა ინფექციური პათოლოგიების გახანგრძლივებას. აღსანიშნავია, რომ ჰელმინთოზის მქონე ბავშვებში დიფთერიის ვაქცინაციისას მცირდება ანტისხეულების გამომუშავება, წითელას და ტეტანუსის რევაქცინაციის დროს უარესდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ინვაზირებულ ბავშვებში ხშირად აღინიშნება ცრუ ტუბერკულოზური სინჯი.
პარაზიტულ ანტიგენზე იმუნური სისტემა ყოველთვის ახდენს რეაგირებას და ხანგრძლივი, ქრონიკული ინვაზია იწვევს იმუნური სისტემის გამოფიტვას. შედეგად, მცირდება თ – ლიმფოციტების რიცხვი, რაც იწვევს ისეთი გართულებების განვითარებას, როგორებიცაა ბაქტერიულ-ვირუსული და ალერგიული პათოლოგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში მიზეზებს შორის, რომელიც შესაძლოა მეორადი იმუნოდეფიციტის გამომწვევი შეიძლება გახდეს, პირველ ადგილზე სწორედ პარაზიტული დაავადებებია დასახელებული. ჰელმინთოზის ქრონიკულ მიმდინარეობას ხშირად თან ახლავს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ღვიძლში ცილების შემცველობის, აგრეთვე ცხიმების და ნახშირწყლების ცვლის შეფერხება, ჰიპოქსია, ვიტამინების, მიკროელემენტების და ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის შემცირება, რამაც მოზარდ ორგანიზმში შესაძლებელია შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.
იმუნური სისტემის მხრივ სერიოზული დარღვევების გარდა, ჰელმინთოზი ორგანიზმისთვის მეტად საშიშია მათი ტოქსიური და მექანიკური ზემოქმედების გამოც. ტოქსიური ეფექტი გამოვლინდება მადის დაქვეითებით, ნაწლავებში შეწოვის შეფერხებით, ზრდაში ჩამორჩენით, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითებით. ეს მოვლენები განპირობებულია ინსულინისმაგვარი ზრდის ჰორმონის (IGF-1) გამოთავისუფლების შეფერხებით და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (თNთ-ა) პროდუქციის გაზრდით, აგრეთვე კოლაგენის სინთეზის შემცირებით. გარდა ამისა, ჰელმინთებს შეუძლიათ გამოიწვიონ სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებები, როგორიცაა პანკრეატობილიარული სისტემის სადინარების დახშობა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის აბსცესი, ნაწლავის პერფორაცია პერიტონიტის განვითარებით, ნაწლავის ობტურაციული გაუვალობა და სხვა.
ამგვარად, ბავშვთა ასაკში ჰელმინთოზის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა უკიდურესად აქტუალურია.
ჰელმინთოზებზე კვლევის ჩატარების ძირითადი ჩვენებებია:
_ ტკივილი მუცლის არეში,
_ ხშირი გულისრევა, ღებინება, მადის შეცვლა,
_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები,
_ დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ძილის პროცესის დარღვევა, ძილში კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი),
_ ალერგიული დაავადებები,
_ პერიანალური ქავილი,
_ ვულვოვაგინიტი,
_ შარდგამომყოფი გზების ინფექციები,
_ სისხლში ეოზინოფილების რიცხვის მატება,
_ სიმაღლეში და წონაში ჩამორჩენა,
_ პაციენტის პირადი ჰიგიენის დაბალი კულტურა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები მარტო ჰელმინთოზების მახასიათებელი არ არის.
ბავშვთა ასაკის უხშირეს პარაზიტულ დაავადებებად კვლავაც რჩება შემდეგი ნაწლავური ჰელმინთოზები: ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი. დღემდე არსებული ანტიჰელმინთური საშუალებები ხშირად ნაკლებეფექტურია ამ მეტად რთული პრობლემის გადასაწყვეტად. პედიატრის პრაქტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია თანამედროვე ანტიჰელმინთურ საშუალებებს. მათ შორის, კარბამატბენზიმიდაზოლის წარმოებულს -ჰელმადოლს (ალბენდაზოლი - 200 მგ). ჰელმადოლის მოქმედება დაკავშირებულია პარაზიტის ცილა ტუბულინის სინთეზის დათრგუნვასთან. ჰელმადოლი ავლენს მაღალ თერაპიულ აქტივობას ნაწლავური ნემატოდების უმრავლესობის მიმართ, მათ შორის, ბავშვთა ასაკის უხშირესი პარაზიტების - მახვილას, ასკარიდას და პროტოზოული დაავადების გამომწვევის - ლამბლიას მიმართ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექინოკოკოზი და ტოქსოკაროზი, რომლით ინვაზიაც ბავშვებისათვის მეტად საყვარელი ,,ოთხფეხა მეგობრების" საშუალებითაა შესაძლებელი.
ჰელმადოლს გააჩნია ყველაზე ფართო ანტიჰელმინთური სპექტრი. პედიატრიაში ამ პრეპარატის აქტუალურობა გაპირობებულია იმითაც, რომ ჰელმადოლი ეფექტურია პარაზიტის განვითარების ყველა სტადიაზე, გააჩნია უნიკალური ლარვაციდული მოქმედება, ახასიათებს დაბალი ბიოშეღწევადობა, რაც უზრუნველყოფს ნაწლავის სანათურში მის მაღალ ანტიჰელმინთურ კონცენტრაციას. იგი აქტიურია სანაღვლე გზების პარზიტული და პროტოზოული დაავადების გამომწვევების მიმართ, აქვს კარგი ამტანობა და მკურნალობისას არ არის საჭირო განსაკუთრებული დიეტის დაცვა ან საფაღარათო საშუალებების, გამწმენდი ოყნების გამოყენება.
ჰელმადოლის დოზირება ასკარიდოზის და ენტერობიოზის დროს შეადგენს საშუალოდ 10-15 მგ/კგ-ზე ერთჯერადად, 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი მეორდება. ტოქსოკაროზის დროს მკურნალობა 10 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ. ლამბლიოზის დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს სადღეღამისო დოზით 10 მგ/კგ-ზე. ექინოკოკოზის დროს მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას. ჰელმადოლის დოზირება ამ შემთხვევაში შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, მკურნალობის ხანგრძლივობა _ მინიმუმ სამი 28 დღიანი ციკლი 2 -2 კვირიანი ინტერვალებით.
როდესაც ვსაუბრობთ პარაზიტულ დაავადებაზე, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა მარტო მკურნალობის თავისებურებებზე, არამედ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზეც. პაციენტებს და მშობლებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ. საგულდაგულოდ უნდა გარეცხონ მწვანილი, ბოსტნეული და ხილი. საკვებად გამოიყენონ თერმულად სათანადოდ დამუშავებული ხორცი და თევზი. მოერიდონ ღია წყალსატევებიდან წყლის დალევას ან დაბინძურებაზე ეჭვის შემთხვევაში მიიღონ გადადუღებული სახით. აუცილებელია შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) დეჰელმინთიზაცია. ოჯახის რომელიმე წევრის დასნებოვნების შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეულ წევრს ექიმის კონსულტაციით ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.