Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 მელეფსინი 
მელეფსინი
MELEPSIN
სავაჭრო დასახელება:
მელეფსინი, Melepsin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
კარბამაზეპინი, Carbamazepine
 
წამლის ფორმა:
შიგნით მისაღები ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი მრგვალი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით, წაკვეთილი კიდეებითა და ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
 
შემადგენლობა:
მელეფსინის 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კარბამაზეპინი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K25, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: N03AF01
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ანტიეპილეფსიური საშუალებები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მელეფსინს გააჩნია ანტიკონვულსიური, ანტიეპილეფსიური, ანტიფსიქოზური, ანტიდეპრესიული, ნორმოთიმული, ანტიდიურეზული (უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებში) და ანალგეზიური (ავადმყოფებში ნევრალგიის დროს) მოქმედება.
მელეფსინი შეიძლება დაინიშნოს ძირითადი სამკურნალო საშუალების სახით და კომბინაციაში კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
 
გამოყენების ჩვენებები:
- ფოკალური ეპილეფსია მარტივი, რთული და მეორადად გენერალიზებული გულყრებით;
- გენერალიზებული ეპილეფსია მხოლოდ კრუნჩხვითი გულყრებით;
- სამწვერა ნერვის ნევრალგია (იდიოპათური, გაფანტული სკლეროზის დროს);
- გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
- სხვადასხვა გენეზის ბიპოლარული აფექტური (მანიაკალური) მდგომარეობა;
- პიროვნული და ქცევითი დარღვევებით (ფსიქოპათია) გამოწვეული დისფორიული და აგრესიული აშლილობები;
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, კრუნჩხვები, ჰიპერაგზნებადობა, ძილის დარღვევა);
- დიაბეტური ნეიროპათია ტკივილის სინდრომით;
- ეპილეფტიფორმული გულყრები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილი;
- ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი;
- ნეიროჰორმონული ბუნების პოლიურია და პოლიდიფსია.
 
უკუჩვენებები:
მელეფსინი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- კარბამაზეპინის ან ქიმიური ბუნებით მსგავსი სამკურნალო საშუალებების (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დარღვევა (ანემია, ლეიკოპენია), მწვავე “ხანგამოშვებითი” პორფირია (მათ შორის, ანამნეზში);
- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
- ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან (სტრუქტურული მსგავსება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან). მელეფსინის მიღებამდე მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ ორი კვირით ან მეტი ხნით ადრე;
- ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება;
- განზავების ჰიპონატრიემია (ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერსეკრეციის სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა);
ასევე უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, მომატებული თვალშიგა წნევით და პაციენტებში ალკოჰოლიზმის აქტიური ფორმით (იზრდება ცნს-ის დათრგუნვა, ძლიერდება კარბამაზეპინის მეტაბოლიზმი).
 
განსაკუთრებული მითითებები:
ეპილეფსიის მონოთერაპია იწყება მცირე დოზებით, რომელსაც ინდივიდუალურად ზრდიან სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
მელეფსინზე გადაყვანის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა, რამდენადაც აუცილებელია ადრე დანიშნული ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალების დოზის თანდათანობითი შემცირება მის სრულ მოხსნამდე.
პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრების პროვოცირება. მკურნალობის უეცარი შეწყვეტის აუცილებლობისას, პაციენტის სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებაზე გადასაყვანად მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლაა საჭირო.
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებსა და ასევე ხანდაზმულებში მელეფსინის დანიშვნამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევა. ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევების გაძლიერების ან ღვიძლის დაავადების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას.
მელეფსინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას ალერგიული რეაქციების გამოვლენისას.
მელეფსინს გააჩნია სუსტი ანტიქოლინერგული აქტივობა. მომატებული თვალშიგა წნევის მქონე პაციენტებში საჭიროა თვალშიგა წნევის მუდმივი კონტროლი.
მხედველობაშია მისაღები ლატენტურად მიმდინარე ფსიქოზის აქტივაციის, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში - დეზორიენტაციის ან აგზნებადობის შესაძლებლობა. დღეისათვის დარეგისტრირებულია მამაკაცთა ფერტილობის და/ან სპერმატოგენეზის დარღვევის ცალკეული შემთხვევები (კარბამაზეპინის მიღებასთან აღნიშნული დარღვევების კავშირი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის).
ქალებში პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას, აღნიშნულია მენსტრუაციებს შორის სისხლდენის შემთხვევები. მელეფსინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე, ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდები უნდა გამოიყენონ.
მელეფსინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პაციენტები, რომლებიც იწყებენ მელეფსინის მიღებას, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ არასასურველი ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში - ცხელება, ყელის ტკივილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, სისხლჩაქცევების უმიზეზო განვითარება, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა თვალის ფსკერის გამოკვლევის ჩათვლით და საჭიროებისას, თვალშიგა წნევის გაზომვაც. პრეპარატის დანიშვნისას პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მომატებული თვალშიგა წნევა, საჭიროებს ამ მაჩვენებლის მუდმივ კონტროლს.
რეკომენდებულია ეთანოლის მოხმარებისაგან თავშეკავება.
 
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და იმ საქმიანობის შესრულებისას, რომელიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს, სიფრთხილეა საჭირო.
 
გვერდითი მოქმედება:
ცნს-ის მხრივ: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ასთენია; ხშირად - თავის ტკივილი, აკომოდაციის პარეზი; ზოგჯერ – ანომალური უნებლიე მოძრაობები (მაგალითად, ტრემორი, “მოფარფატე” ტრემორი – asterixis, დისტონია, ტიკები), ნისტაგმი; იშვიათად – ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევები, მეტყველების დარღვევა (მაგალითად, დიზართრია), ქორეოათეტოზური დარღვევები, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზიები, მიასთენია და პარეზის სიმპტომები.
ფსიქიური სფეროს მხრივ: იშვიათად – ჰალუცინაციები (მხედველობითი ან აუდიტორული), დეპრესია, მადის დაქვეითება, შფოთვა, აგრესიული ქცევა, აგზნება, დეზორიენტაცია; ძალიან იშვიათად – ფსიქოზის გამწვავება.
ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება; ზოგჯერ – ერითროდერმია; იშვიათად – წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, კანის ქავილი; ძალიან იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენ-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ფოტომგრძნობელობა; იშვიათად – შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის მულტიორგანული რეაქციები ცხელებით, გამონაყარით, ვასკულიტით (მათ შორის, კვანძოვანი ერითემა, როგორც კანის ვასკულიტის გამოვლინება), ლიმფადენოპათიით, ლიმფომას მსგავსი ნიშნებით, ართრალგიებით, ლეიკოპენიით, ეოზინოფილიით, ჰეპატოსპლენომეგალიით და ღვიძლის ფუნქციების შეცვლილი მაჩვენებლებით (აღნიშნული გამოვლინებები გვხვდება სხვადასხვა კომბინაციებში). შესაძლოა ჩათრეული იყოს სხვა ორგანოებიც (მაგალითად, ფილტვები, თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი, მიოკარდიუმი, მსხვილი ნაწლავი); ძალიან იშვიათად - ასეპტიური მენინგიტი მიოკლონუსით და პერიფერული ეოზინოფილიით, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული პნევმონიტი ან ეოზინოფილური პნევმონია.
აღნიშნული ალერგიული რეაქციების განვითარებისას, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად – ლეიკოპენია; ხშირად – თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ფოლის მჟავას დეფიციტი; ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია, მეგალობლასტური ანემია, მწვავე “ხანგამოშვებითი” პორფირია, რეტიკულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, ღებინება; ხშირად – პირის სიმშრალე; ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა, მუცლის ტკივილი; ძალიან იშვიათად – გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - პარკუჭშიგა გამტარებლობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა გონების დაკარგვით, კოლაფსი, გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან გამწვავება, გულის იშემიური დაავადების გამწვავება (მათ შორის, სტენოკარდიის შეტევების განვითარება ან გახშირება), თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლური სინდრომი.
ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ხშირად – შეშუპება, სითხის შეკავება, სხეულის მასის მატება, ჰიპონატრიემია; ძალიან იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია (შეიძლება თან ახლდეს გალაქტორეა და გინეკომასტია); ძვლოვან ქსოვილში კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა; ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია.
შარდ-სასქესო ორგანოთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია, შარდოვანას მომატება/აზოტემია), გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია ან კრუნჩხვები.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – გემოვნების გაუკუღმართება, თვალის ბროლის შემღვრევა, კონიუნქტივიტი; სმენის დარღვევა, მათ შორის _ ხმაური ყურებში, ჰიპერაკუზია, ჰიპოაკუზია, ბგერის სიმაღლის აღქმის შეცვლა. სხვა: კანის პიგმენტაციის დარღვევა, პურპურა, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია.
 
მიღების წესი და დოზირება:
მელეფსინი მიიღება შიგნით. დოზირების რეჟიმის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ჩვენებებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ეპილეფსიის დროს:
მოზრდილებში, 15 წლისა და 15 წელზე უფროს მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს. შემდეგ, კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით, დოზას თანდათანობით ზრდიან არაუმეტეს 200 მგ-ისა დღე-ღამეში 1 კვირიანი ინტერვალებით შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც ტოლია 800-1200 მგ/დღე-ღამეში. მიღების ჯერადობა - 1-4 დღე-ღამეში.
4 წლამდე და 4 წლის ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 20-60 მგ-დან დღე-ღამეში და დოზის თანდათანობით, დღეგამოშვებით გაზრდა 20-60 მგ-ით.
ბავშვებში 4 წლის ასაკიდან რეკომენდებულია საწყისი სადღეღამისო დოზა - 100 მგ, შემდეგ, დოზას თანდათანობით, ყოველკვირეულად ზრდიან 100 მგ-ით.
შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზაა 10-20 მგ/კგ (გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე):
- 4-5 წლის ასაკის ბავშვები – 200-400 მგ (1-2 მიღებაზე),
- 6-10 წლის ასაკის ბავშვები – 400-600 მგ (2-3 მიღებაზე),
- 11-15 წლის ასაკის ბავშვები – 600-1000 მგ (2-3 მიღებაზე).
მაქსიმალური დოზები:
მოზრდილებში, 15 წლისა და 15 წელზე უფროს მოზარდებში - 1200 მგ/დღე-ღამეში,
ბავშვებში - 1000 მგ/დღე-ღამეში.
ეპილეფსიის მკურნალობა ტარდება წლობით. კარბამაზეპინის დოზის შემცირება ან მისი მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობას წყვეტენ 1-2 წლის მანძილზე დოზის თანდათანობითი შემცირებით.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს გულყრების თავიდან ასაცილებლად (სტაციონარის პირობებში): მელეფსინის დანიშვნას იწყებენ საშუალო სადღეღამისო დოზით – 200 მგ დილით და 400 მგ საღამოს. მძიმე შემთხვევებში პირველი დღეების განმავლობაში დოზა შეიძლება გავზარდოთ 1200 მგ-მდე დღე-ღამეში. მკურნალობა წყდება დოზის თანდათანობითი დაქვეითებით 7-10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის დონის რეგულარული შემოწმება.
სამწვერა ნერვის ნევრალგიისა და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს: პირველ დღეს ინიშნება 200-400 მგ მელეფსინი დღე-ღამეში. დოზას თანდათანობით ზრდიან ტკივილების სრულ შეწყვეტამდე 400-800 მგ-მდე დღე-ღამეში 1-2 მიღებაზე. ამის შემდგომ, შესაძლოა შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა, რომელიც შეადგენს 400 მგ-ს დღე-ღამეში 2 მიღებაზე.
ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს:
საშუალო სადღეღამისო დოზა – 200 მგ დილას და 400 მგ საღამოს. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა დღე-ღამეში 1200 მგ-მდე მელეფსინის დანიშვნა.
ეპილეფტიფორმული გულყრებისას გაფანტული სკლეროზის დროს:
მელეფსინის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.
ფსიქოზების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ:
მელეფსინი ინიშნება 200-400 მგ-ის ოდენობით დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევებში შესაძლებელია დღე-ღამეში დოზის 800 მგ-მდე გაზრდა.
ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი:
საშუალო დოზა მოზრდილებში – 200 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში დოზა უნდა შემცირდეს ასაკისა და ბავშვის წონის შესაბამისად.
პაციენტებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე პათოლოგიები აქვთ, ასევე ხანდაზმულებს, პრეპარატი ენიშნებათ შედარებით მცირე დოზებით (რეკომენდებულია 100 მგ-ის მიღება 2-ჯერ დღე-ღამეში).
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძირითადად ასახავს დარღვევებს ცნს-ის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მხრივ.
ცნს-ისა და გრძნობათა ორგანოების მხრივ – ცნს-ის ფუნქციის დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნება, ჰალუცინაციები, კოლაფსი, კომა; მხედველობის დარღვევები (“ბინდი” თვალებში), დიზართრია, ატაქსია, დისკინეზია; კრუნჩხვები, ფსიქომოტორული აშლილობები, ჰიპოთერმია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ მომატება; გულის გაჩერება.
სუნთქვის ორგანოთა სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა და ღებინება, კუჭიდან საკვების ევაკუაციის შეფერხება, მსხვილის ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, ოლიგურია ან ანურია, სითხის შეკავება.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას პაციენტი საჭიროებს დაუყოვნებლად კლინიკაში გადაყვანას. მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე; რეკომენდებულია პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის დადგენა (ამ პრეპარატით მოწამვლის დასადასტურებლად და ჭარბი დოზირების ხარისხის შესაფასებლად), კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა (კუჭის შიგთავსის დაგვიანებულმა ევაკუაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოგვიანებითი შეწოვა მე-2-3 დღეს და გამოჯანმრთელების პერიოდში ინტოქსიკაციის სიმპტომების განმეორებითი განვითარება).
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციას ზრდის: ვერაპამილი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, ვილოქსაზინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, ციმეტიდინი, დანაზოლი, დეზიპრამინი, ნიკოტინამიდი (მოზრდილებში მხოლოდ მაღალ დოზებში), ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტერფენადინი, ლორატადინი, იზონიაზიდი, პროპოქსიფენი.
არაა რეკომენდებული მელეფსინთან ერთად გრეიპფრუტის წვენის მიღება, რამდენადაც ის ასევე ზრდის კარმაპაზეპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
ფელბამატი ამცირებს პლაზმაში მელეფსინის კონცენტრაციას.
მელეფსინის კონცენტრაციას ამცირებს ფენობარბიტალი, ფენითოინი, პრიმიდონი, მეტსუქსიმიდი, ფენსუქსიმიდი, თეოფილინი, რიფამპიცინი, ცისპლატინი, დოქსორუბიცინი.
მელეფსინს შეუძლია შეამციროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაცია პლაზმაში (შეამციროს ან სრულიად გააბათილოს მისი ეფექტი), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამკურნალწამლო საშუალებების დოზების კორექცია: კლობაზამი, კლონაზეპამი, ეთოსუქციმიდი, პრიმიდონი, ვალპროისმჟავა, ალპრაზოლამი, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ციკლოსპორინი, დოქსიციკლინი, ჰალოპერიდოლი, მეთადონი, პერორალური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებსა და/ან პროგესტერონს (საჭიროა ალტერნატიული კონტრაცეფციის შერჩევა), თეოფილინი, ვარფარინი, ფენპროკუმონი, დიკუმაროლი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი, კლომიპრამინი, კლოზაპინი, ფელბამატი, თიაგაბინი, იტრაკონაზოლი, ლევოთიროქსინი, ოლაზაპინი, პრაზიკვანტელი, რისპერიდონი, ტრამადოლი, ციპრაზიდონი.
მელეფსინის ერთობლივი გამოყენება პარაცეტამოლთან ერთად ზრდის მის ტოქსიურ ზემოქმედებას ღვიძლზე და ამცირებს მის თერაპიულ ეფექტურობას.
მელეფსინის ერთობლივი დანიშვნა ფენოთიაზინთან, პიმოზიდთან, თიოქსანტენებთან, მოლინდონთან, ჰალოპერიდოლთან, მაპროთილინთან, კლოზაპინთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანთებთან იწვევს მელეფსინის დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერებას ცნს-ზე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირებას.
ერთობლივი დანიშვნა შარდმდენებთან (ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი) იწვევს ჰიპონატრიემიის განვითარებას თანმხლები კლინიკური გამოვლინებებით.
ამცირებს ეთანოლის ამტანობას.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობის დროს მელეფსინის მიღება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებითა და ექიმის მეთვალყურეობითაა შესაძლებელი.
მელეფსინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მკურნალობის აუცილებლობისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა. თუკი ეს არაა შესაძლებელი, მაშინ საჭიროა ბავშვზე გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.
 
გამოშვების ფორმა:
200 მგ-იანი პერორალური ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში პვქ-სა და ალუმინის ფოლგისაგან.
5 ან 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).